რუსთავი-2-ის ირგვლივ წარმართული პროცესებთან დაკავშირებით ადგილი აქვს მანიპულირების მცდელობას

ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში, დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს „სიტყვის თავისუფლების“ ლოზუნგით მიმდინარე პოლიტიკურ კამპანიასთან დაკავშირებით, პარტია „სოციალ-დემოკრატების“ განცხადება გააცნო.

გია ჟორჟოლიანის განცხადებით, რუსთავი-2-ის ირგვლივ წარმართული პროცესებთან დაკავშირებით ადგილი აქვს მანიპულირების მცდელობას როგორც ქართული საზოგადოების, ასევე უცხოელი მეგობრების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

„რევანშისტულ პოლიტიკურ კამპანიას, ხელისუფლებისათვის ბრძოლას, ნაციონალური მოძრაობა წარმართავს. კამპანიის ამოცანაა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა დააკისროს მოქმედ ხელისუფლებას, ხოლო სასამართლო წარმოაჩინოს მის მარიონეტად. ჩვენ არ ვეხებით სასამართლო პროცესს და იმედს გამოვთქვამთ, რომ როგორც ჩვენი, ასევე სტრასბურგის სასამართლო მესაკუთრის საკითხთან დაკავშირებით საბოლოოდ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ,“-განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა.

მან არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, გამოხატვის თავისუფლებისა და პლურალიზმის მიმართ პარტიის პოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი მაუწყებლობა თავისუფალი უნდა იყოს სარედაქციო პოლიტიკაში. „არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, საზოგადოების დიდ ნაწილსაც აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება ამა თუ იმ სარედაქციო პოლიტიკის მიმართ,“-განმარტა გია ჟორჟოლიანმა.

განცხადებაში, რომელიც მან ჟურნალისტებს გააცნო, გამოთქმულია შეშფოთება იმის გამო, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ექცევა გავლენის ქვეშ და აქტიურად ერთვება რეალურად ანტიხალხურ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ კამპანიაში, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სიტყვის თავისუფლების დაცვასთან.

„მოვუწოდებთ საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივ გაერთიანებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ჩვენს მოქალაქეებს – ვიყოთ ფხიზლად, სწორად დავინახოთ რეალობა, არ მოვექცეთ ნაციონალური მოძრაობის, მისი მემკვიდრეებისა თუ სატელიტების პოლიტიკური ხრიკებისა და ინტრიგების ტყვეობაში, არ მივცეთ წარმატების შანსი რეპრესიული რეჟიმის მემკვიდრე ძალების რევანშისტულ მოძრაობას.

გვჯერა ქართველი ხალხის მეხსიერებისა და სიბრძნისა და დარწმუნებული ვართ, რომ მთელი საზოგადოება წინ აღუდგება რევანშისტულ ძალებს და არ დაუშვებს 2012 წლის ოქტომბრის მონაპოვრის ეჭვქვეშ დაყენებას, დამნაშავე რეჟიმის მემკვიდრეთა უპასუხისმგებლო, ანტიხალხური, ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული, ანტიჰუმანური გეგმების განხორციელებას,“-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკელებმა აშშ-ს კონგრესში Obamacare-ის შემცვლელი პროექტი წარადგინეს
შემდეგი სტატიაჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ზურაბ ჭიაბერაშვილი აირჩიეს