“რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ მოსამართლე კოპალეიშვილი მისი შვილის ნათლიაა

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი მისი შვილის ნათლიაა.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ეს ფაქტი ვერ გახდებოდა მოსამართლის აცილების საფუძველი, რადგან თავად ამ საქმეში მხარეს არ წარმოადგენს.

“მე არ ვარ საქმის მონაწილე, წარმომადგენელიც არ ვარ “რუსთავი 2”-ის და სრულიად შეგნებულად, არამხოლოდ მაიასთან კავშირის გამო, ვადასტურებ, რომ ის ჩემი შვილის ნათლიაა. იგივე ქეთი ერემაძესთან კავშირის გამო, რომელიც ჩემი კურსელია, ზაზა თავაძის გამო, რომელიც მაია კოპალეიშვილზე უფრო დიდი ხანი მუშაობდა ჩემთან ერთად. ჩემთან კავშირებზე, რომ იყოს საუბარი, მაშინ ყველა ამ ადამიანის აცილება უნდა დადგეს.

ხელისუფლებისგან, რომელიც თვლის თავის ნაყიდი მოსამართლეებთან ერთად, რომ დედა ოჯახის წევრი არ არის, იმის მტკიცება, რომ ნათლიაა ოჯახის წევრი, ნამდვილად ვერ მოვისმენთ“, – აცხადებს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მაია კოპალეიშვილმა “რუსთავი 2” – ის გენერალური დირექტორ, ნიკა გვარამიასთან ნათესაური კავშირის შესახებ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას არ უპასუხა.

“ვერანაირად ამაზე განსაზღვრულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუკი საჭიროება მოითხოვს, განცხადებას გავავცელებთ”, – განაცხადა მოსამართლემ.

ცნობისთვის, მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა.

კერძოდ კი, პარლამენტი ითხოვდა, საკონსტიტუციო სასამართლოში კომპანია “რუსთავი 2” – ის მიერ შეტანილი სარჩელების თაობაზე მიმდინარე დავის ფარგლებში პირველი კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილებას.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “არსებობს გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული წევრების მიუკერძოებლობაში.

კერძოდ, მათ აკავშირებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა მოსარჩელე მხარის – შპს “სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2″-ის” ამჟამად დროებით უფლებამოსილებაშეჩერებულ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან. მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას”.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მორი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაგანმეორებითმა წვიმამ წაღვერში სახლების ეზოები დატბორა