“რუსთავი 2″ ძალიან ბევრს მოიგებდა ერთხელ მაინც რომ მოეხადა ბოდიში იმ ცილისმწამებლური სიუჟეტებისათვის, რომელიც გადიოდა”

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

ის რაც ახლა ხდება, რა თქმა უნდა, ეს არ არის სუფთა გაგებით სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლა ან ვინმესთვის ქონების დაბრუნების პროცესი , – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა “არჩევანში” ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს “რუსთავი 2”, თუმცა მეორე მხრივ, არც “რუსთავი 2” არის ობიექტური და ნეიტრალური ტელევიზია, ხოლო როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ასე ინტენსიურად საუბრობენ თავისუფალ სიტყვაზე, მათ უნდა ახსოვდეთ როგორი იყო თავისუფალი მედია, დემოკრატია და სასამართლო “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს.
“დღეს რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები საუბრობენ თავისუფალი სასამართლოს დაკარგვაზე, ეს არის უსაზღვრო ცინიზმი. საქართველოს თავისუფალი სასამართლო რომ დაეკარგა, ამისათვის საქართველოს თავისუფალი სასამართლო უნდა ჰქონოდა!” – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, დღეს “ნაციონალური მოძრაობა” და “რუსთავი 2” იღებს იმ ნაყოფს, რომელიც თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან იქნა დათესილი და სწორედ ამიტომ არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს გულცივად უყურებს იმას, რაც ამ ტელეკომპანიასთან მიმართებაში ხდება.
“რუსთავი 2” ძალიან ბევრს მოიგებდა ერთხელ მაინც რომ მოეხადა ბოდიში იმ უსამართლო, ცილისმწამებლური სიუჟეტებისათვის, რომელიც ამ არხზე წლების განმავლობაში გადიოდა. თუმცა მე მაშინაც არ მიმაჩნდა მართებულად “რუსთავი 2″-ის დახურვა, როდესაც ასეთი ცილისმწამებლური სიუჟეტები გადიოდა ჩემი და ჩემი თანამოაზრების მიმართ. რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს ჩემთვის ესა თუ ის აზრი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს აზრი არ უნდა ჟღერდეს,” – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის რაც ახლა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ხდება, არ გახდებოდა საჭირო ხელისუფლებას რომ სამართლიანობის აღდგენა დაეწყო და არა კოჰაბიტაცია დამნაშავე რეჟიმთან. როგორც ბურჯანაძე აცხადებს, ეს ხელისუფლება არაფრის მაქნისია და აღმოჩნდა, რომ არის ხელისუფლება, რომელიც განსხვავებულ აზრსაც ვერ იტანს, რა თქმა უნდა, ეს კეთდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ ხელისუფლება.

banner
წინა სტატიაშიშსს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება
შემდეგი სტატია„რუსეთში არ არის კაპიტალიზმი, ეს არის დამპალი პაპუასია…