რუსთაველის თეატრში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების გალა-კონცერტი გაიმართა

რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების საანგარიშო ღონისძიება „აფხაზეთისთვის“ გაიმართა.

გალა-კონცერტში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, გიორგი რატიანის სახელობის სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობა, გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „გუმბათი“ და ანსამბლ „შავნაბადას“ ბავშვთა გუნდი მონაწილეობდნენ.

თეატრის ფოიეში მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრებისა და აფხაზეთის ბეჭდური გამოცემების, ჟურნალების „რიწა“ და „იალქანი“ გამოფენა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიაქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს