რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულის მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც სასამართლოში განმარტავენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის ბრალდებულ გიორგი ჯ.-ს პატიმრობა შეუფარდა.

”წარდგენილი ბრალის თანახმად, გიორგი ჯ.-ს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

საქმე ეხება, 2017 წლის 24 იანვარს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, თანმხვედრად მიმავალი ავტომანქანის გასწრების მიზნით, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი. სავალი გზის საპირისპირო ზოლში გადასული შეეჯახა ორ ავტომანქანას, შედეგად გარდაიცვალა ერთი პირი და დაშავდა სამი მგზავრი.

სასამართლომ, განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პიროვნება, მისი დამოკიდებულება კანონის მოთხოვნებისა და შეზღუდვებისადმი, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში”, – აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 23 მარტს, 12:30 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიარა, გადაცემებს ჩვენ არ ვხურავთ! არ ვხურავთ!-ვასილ მაღლაფერიძე
შემდეგი სტატიარუსთავში თანამედროვე სტანდარტების დროებითი მოთავსების იზოლატორი გაიხსნა