რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. საპროტესტო მარში ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოდან დაიძრა და ახლა ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფება.
აქციის მონაწილეებმა დაპატიმრებულ ქალ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას დაბადების დღე პარლამენტთან მიულოცეს, რის შემდეგაც მსვლელობით დაიძრნენ. მოქალაქეებს სურდათ, ფერადი ფრანები გაეშვათ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ “ოცნების” ძალისხმევის მიუხედავად, მათი პროტესტი არ გაჩერდება.
“წინააღმდეგობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამით არის საქართველო დღესაც საქართველო. ამით დავაღწიეთ თავი საბჭოთა კავშირს და ამით უნდა მოვიცილოთ საბოლოოდ ეს საბჭოთა მემკვიდრეობა. მზია ამაღლობელი რომ დღეს ციხეშია, ეს არის ამ საბჭოთა მემკვიდრეობის გადმონაშთი. მზია ამაღლობელი არის დემონიზაციის ინსტრუმენტი. “ქართული ოცნება” იყენებს მას იმისთვის, რომ იმმ ადამიანებში, ვინც წინააღმდეგობაში არ არის ჩართული, ვინც პროტესტს არ გამოთქვამს, ბოლომდე მოკლას ჰუმანურობა, ბოლომდე წაშალოს ის რეალური ქართული ფასეულობები, რაც არის უპირველეს ყოვლისა, გვერდზე დგომა, თანადგომა”, – ამბობს ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.


















