ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის „ჰანიველ პარტნერსის“ საკუთრებაში არსებულმა „რუსთავის ფოლადმა“ არმატურის საწარმოო ხაზი კომპანია „პიემ მეტალზე“ გაასხვისა. ინფორმაცია BM.GE-ს ცნობით, საჯარო რეესტრისა და კონკურენციის სააგენტოს მონაცემებიდან ირკვევა.
გარიგების სქემის მიხედვით, „რუსთავის ფოლადმა“ ჯერ შვილობილი კომპანია „იბერია რიბარი“ დააფუძნა, რომელსაც არმატურის წარმოება გადასცა, 2026 წლის 30 ივლისს კი აღნიშნული კომპანიის მფლობელი ბიზნესმენ გიორგი მირიანიშვილის „პიემ მეტალი“ გახდა. ტრანზაქციას თან ახლავს კრედიტორი ბანკების თანხმობაც.
კომპანიამ არმატურის ბაზარზე მძაფრი კონკურენციისა და დიდი მოცულობის იმპორტის გამო პროფილის შეცვლა გადაწყვიტა და ძირითადი აქცენტი უნაკერო მილების წარმოებაზე გადაიტანა.
2024 წელს კომპანიის შემოსავალმა 285 მლნ ლარი შეადგინა (საიდანაც 200 მლნ სწორედ არმატურაზე მოდიოდა), თუმცა წელი 27.8 მლნ ლარის ზარალით დაასრულა (2023 წელს ზარალი 50.3 მლნ ლარი იყო).
„პიემ მეტალი“ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მისი ძირითადი საქმიანობა არმატურის იმპორტი და რეალიზაციაა. 2024 წელს კომპანიის შემოსავალმა 253 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ 10.8 მლნ ლარი შეადგინა.














