რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში 30 მეტრიანი სასაფლაო გათხარეს, ასევე, შეიყვანეს მობილური კრემატორიუმი, რათა გენოციდისა და სამხედრო დანაშაულის ყველა მტკიცებულება გაანადგურონ – მარიუპოლის მერი

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, ქალაქში ამ დრომდე უმძიმესი მდგომარეობაა. მისი თქმით, რუსი ოკუპანტები დასახლებებს ყოველდღიურად ბომბავენ, რის გამოც მოქალაქეები გარეთ ვერ გადიან.

ბოიჩენკოს აღნიშნავს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში 30 მეტრიანი სასაფლაო გათხარეს, ასევე, შეიყვანეს მობილური კრემატორიუმი, რათა გენოციდისა და სამხედრო დანაშაულის ყველა მტკიცებულება გაანადგურონ.

“მარიუპოლში არსებული ვითარების შეფასება შეუძლებელია, მძიმე მდგომარეობაა. ბიჭები მხოლოდ ერთ რამეს ითხოვენ და ეს უსაფრთხო დერეფანია. ქალაქი ყოველდღიურად იბომბება. არტილერიიდან გახსნილი ცეცხლისა და საჰაერო იერიშების გამო, მოქალაქეები გარეთ ვერ გამოდიან, ეშინიათ. აუცილებელია ადამიანების გამოსაყვანად ცეცხლი შეწყდეს. მარიუპოლს მხოლოდ ერთი რამ სჭირდება და ეს მოქალაქეების ევაკუაციაა. რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს, რომ ცეცხლი შეწყვიტოს.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა, აზოვსტალში. გუშინ პირობა მოგვცეს, რომ ცეცხლი შეწყდებოდა, ჩამოვიდა ავტობუსების კოლონა, თუმცა არაფერი შეცვლილა. ისევ სროლები და ისევ დაბომბვები. მტერი ანადგურებს სამხედრო დანაშაულისა და გენოციდის ნიშნებს. 30-მეტრიანი სასაფლაო გათხარეს, სადაც ცხედრებს ყრიან. მობილური კრემატორიუმი ჩამოიყვანეს და ცხედრებს წვავენ. მათი მიზანია, ყველაფერი, რაც კი გენოციდზე და სამხედრო დანაშაულზე მიანიშნებს, დაუყოვნებლივ გაანადგურონ. მტერი აქტიურად იყენებს ავიაციას. შეხედეთ ქალაქს რას ჰგავს, ქალაქის 90% განადგურებულია, მათი აღდგენა ან შეკეთება შეუძლებელია, ისინი გამარჯვებისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან. მტერი ცდილობს, რომ უკრაინა უკრაინელებისგან გაწმინდოს”, – ამბობს ბოიჩენკო.

banner
წინა სტატიაშილატვიამ რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა
შემდეგი სტატიადონეცკის ოლქში მარიუპოლის სიახლოვეს მასიური საფლავები აღმოაჩინეს