რუსმა მესაზღვრეებმა ხურჩის მიმდებარედ ტერიტორია ხის ბოძებით მონიშნეს

გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი გადმოსწიეს. შედეგად ხურჩელი ომარ მიქაუტაძის და არველოდ ნაჭყებიას 2-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიას შეუერთდა.
ხურჩის გამგებელი ადასტურებს, რომ ე.წ. რუსი მესაზღვრეების მიერ ტერიტორიის ხის ბოძებით მონიშვნის შედეგად, ხურჩის მოსახლეობის 2 ჰექტრამდე მიწა აფხაზეთის მხარეს მოექცა.
როგორც ბადრი ხუნჯგურუამ განაცხადა, ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ხურჩის მიმდებარედ ტერიტორია ხის ბოძებით მონიშნეს, ხურჩის მცხოვრებლებს კი რომლებიც წლების განმავლობაში მიწებს სახნავად იყენებდნენ უთხრეს, რომ ეს მიწა მათი აღარ იყო: “ე.წ. საზღვარი აქამდე პირობითად არხი იყო, რომელიც ამ ტერიტორიაზეა. ყველამ იცოდა რომ არხის იქით არ უნდა გადასულიყო. 2 დღის წინ დაიწყეს ბოძების ჩასმა და 2 ჰექტარამდე მიწა აფხაზეთისკენ მოაქციეს“,-განაცხადა ხუნჯგურუამ.
ერთ ჰექტარამდე მიწას, რომელიც ბოძების მიღმა მოექცა, მიქაუტაძეების ოჯახი წლებია ამუშავებდა. ირინა მიქაუტაძის განცხადებით, ე.წ. რუსმა ჯარისკაცებმა უთხრეს, რომ გადასვლის შემთხვევაში დააპატიმრებენ.
რაც შეეხება მეორე მესაკუთრეს, არველოდ ნაჭყებია აცხადებს, რომ ამ მიწას 1978 წლიდან ამუშავებდა და ამ დრომდე არ იცოდა, რომ მისი ყანის ერთი ნაწილი თურმე ნაბაკევს ეკუთვნის, რომელიც რუსულ ჯარს ოკუპირებული აქვს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საოკუპაციო ზოლზე ბოძების ჩასმას ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას უწოდებენ და ამბობენ რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევა არ მომხდარა.
სუსის განცხადებით, ამ ფაქტზე მოახდენენ რეაგირებას. მათი ცნობით, ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. დამკვირვებლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მიაწოდებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდის პარკთან “ჰასკი ჯგუფის“ მიერ მოტო-ტრეკი მოეწყო
შემდეგი სტატიასასკოლო ბუფეტებში იკრძალება წასახემსებლების ჩიფსები, კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების გაყიდვა