რუსმა დამპყრობლებმა პატარა უკრაინული სოფლიდან ხანდაზმული ქალები გაიტაცეს – ანდრეი სიბიგა

რუსმა დამპყრობლებმა სუმის ოლქში, სახელმწიფო საზღვართან მდებარე პატარა უკრაინული სოფლიდან, ჰრაბოვსკედან ხუთი ათეული მშვიდობიანი მოქალაქე, ძირითადად ხანდაზმული ქალები გაიტაცეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ასეთი შუა საუკუნეების რეიდებით“ პუტინის რუსეთი აჩვენებს, რომ არაფრით განსხვავდება ისეთი ტერორისტული დაჯგუფებებისგან, როგორებიცაა „ისლამური სახელმწიფო“, „ბოკო ჰარამი“ და „ჰამასი“.

„ჩვენი მშვიდობიანი მძევლების სახლში დაბრუნებას მოვითხოვთ. ეს 50 ადამიანი და ათასობით სხვა მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის უკრაინელი ბავშვები, იძულებით გადაასახლეს რუსეთში. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, შემოგვიერთდნენ სახლიდან გატაცებული უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლების მოთხოვნაში. ამ კონკრეტულ ომის დანაშაულს უკრაინაში უკვე იძიებენ და მას საერთაშორისო დონეზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ეს ასევე ხაზს უსვამს რუსეთის გვერდით ცხოვრების მუდმივ საფრთხეს. სწორედ ამიტომ უკრაინას რეალური, ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება“, – აცხადებს ანდრეი სიბიგა და აღნიშნავს, რომ „ტერორისტების გვერდით ცხოვრებას ძალა და მტკიცე უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება“.

banner
წინა სტატიაში“მოვა დრო და ამათაც უნდა მოეთხოვოს კანონის სრული სიმკაცრით” – არქიმანდრიტი დოროთე მეუფე სტეფანეს განცხადებაზე
შემდეგი სტატია“ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობის შეჩერება და გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა” – სტივ უიტკოფი