27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

რუსი ჟურნალისტი: პუტინის იმიჯი იშლება როგორც დასავლეთში ისე რუსეთში

პუტინისთვის დღეს მთავარი პრობლემა ის აღარ არის, რომ ომს აგებს — ეს მხოლოდ პრობლემის ნაწილია. დიქტატორისთვის გაცილებით დიდი საფრთხეა ის, რომ მის მიმართ რწმენა და ნდობა თანდათან ქრება. ამის შესახებ საკუთარ ბლოგში რუსი ჟურნალისტი მაიკლ ნაკი წერს.

დიქტატურებში ძალაუფლება ხშირად უფრო საკრალურ ხასიათს ატარებს, ვიდრე პრაქტიკულს. შესაძლოა, ქვეყანაში ვითარება უკიდურესად მძიმე იყოს, თუმცა თუ მმართველი ლიდერი მტკიცე და შეურყეველ ფიგურად აღიქმება, საზოგადოების და სახელმწიფო ინსტიტუტების კონტროლის შენარჩუნება მაინც შესაძლებელია.

სწორედ აქ ხედავს ავტორი პუტინის მთავარ პრობლემას. მის მიმართ ნდობა იკლებს. რწმენას კარგავენ ელიტები, რომლებიც სულ უფრო ნათლად აცნობიერებენ, რომ კრემლს არც მკაფიო გეგმა აქვს და არც გრძელვადიანი სტრატეგია. ნდობას კარგავენ სამხედროებიც, რომლებიც ვერ ხედავენ, რა გზით აპირებს ქვეყნის ლიდერი ომის გაგრძელებას.

ავტორის შეფასებით, დასავლეთშიც სუსტდება პუტინის, როგორც ყოვლისშემძლე და საშიში ლიდერის, იმიჯი. ეს ეხება იმ პოლიტიკურ წრეებსაც, რომლებსაც ნაკი მის ერთგვარ „სამაშველო რგოლად“ მიიჩნევს, მათ შორის დონალდ ტრამპის გარემოცვას.

დიქტატორული რეჟიმები ხშირად შიშზეა დაფუძნებული. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ლიდერის ეშინოდეთ ქვეყნის შიგნით, არამედ ისიც, რომ მისგან საფრთხეს გრძნობდნენ ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა აგრესიულ ომს აწარმოებს. ნაკის აზრით, პუტინმა ეს უპირატესობაც დაკარგა.

მისივე თქმით, კრემლის ლიდერი რეალობის აღიარებაზე უარს ამბობს. მაშინ, როდესაც ფრონტზე მნიშვნელოვანი წინსვლა არ შეინიშნება, პუტინი აცხადებს, რომ რუსული ძალები ყველა მიმართულებით წარმატებით მიიწევენ წინ. უკრაინული დარტყმების შედეგად საწვავის ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური ქსელების დაზიანების ფონზე კი კრემლი ამტკიცებს, რომ ვითარება სრულად კონტროლდება. ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, პუტინი კვლავ საუბრობს რუსეთის ეკონომიკის წარმატებაზე.

თუმცა, ავტორის შეფასებით, ადამიანები რეალურ მდგომარეობას საკუთარი თვალით ხედავენ, მიუხედავად ცენზურისა და ინფორმაციის გავრცელებაზე დაწესებული შეზღუდვებისა. დასავლეთშიც ხედავენ, რომ რუსეთის ბირთვული მუქარები წლების განმავლობაში რეალობად არ ქცეულა, ხოლო ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები გაცილებით შეზღუდულია, ვიდრე ამას კრემლი წარმოაჩენს.

ნაკის თქმით, სწორედ ამიტომ სუსტდება პუტინისადმი რწმენა, როგორც მისი მოკავშირეების, ისე ოპონენტების თვალში. ამავდროულად, იზრდება რწმენა უკრაინის შესაძლებლობების მიმართ. მისი შეფასებით, დასავლეთში და რუსეთის პროსამთავრობო წრეების ნაწილშიც სულ უფრო ხშირად საუბრობენ არა მხოლოდ უკრაინის გამძლეობაზე, არამედ მისი გამარჯვების პერსპექტივაზეც.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ
შემდეგი სტატიათიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან