რუსი სენატორების ვიზიტი აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის ფედერალური კრების დელეგაცია, რომელმაც შეხვედრა გამართა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში. რუსმა სენატორებმა და მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე.


აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჭიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსეთსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ სეპარატისტულ აფხაზეთს შორის დღემდე რატიფიცირებულია 23 ორმხრივი ხელშეკრულება. ამავე დროს კვარჭიამ აღნიშნა, რომ ყველა ხელშეკრულება არ სრულდება განსაზღვრულ ვადებში. ასე მაგალითად, ე.წ.აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროსთვის რუსეთის მიერ არ არის გადაცემული სამხედრო ტექნიკა, მხოლოდ რაღაც ნაწილის გადაცემა მოხდება უახლოეს დღეებში.
კვარჭიამ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი რუსეთთან საზღვრის დემარკაციის საკითხი. ასე მაგალითად, სოჭში ოლიმპიადის დროს რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკეთ კონტროლის მიზნით დაიკავეს სოფელი აიბგა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს. ოლიმპიადის შემდეგ კი იქიდან არ გავიდნენ და აკავებენ აფხაზ მწყემსებს.
რუსი სენატორის მუხარბეკ დიდიგოვის განცხადებით, რუსეთში ბევრ მოქალაქეს სურს აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვა და საინვესტიციო პროექტების განხორციელება, თუმცა საკანონმდებლო დონეზე მათთვის არ არის ხელშეუხლებლობის გარანტია.
რუსმა სენატორმა ოლგა კოვიტიდიმ გაკიცხა აფხაზი “კოლეგები” იმის გამო, რომ მათ ე.წ. პარლამენტში არ ყავთ რუსი ეროვნების დეპუტატები.
სენატორმა ალექსეი კონდრატიევმა აფხაზებს ურჩია ყურადღება გაამახვილონ არა “აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის” დემარკაციაზე, არამედ “საქართველო-აფხაზეთის საზღვრის” დემარკაციაზე.
აფხაზმა დეპუტატმა ბათალ ტაბაღუამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ “არის საკითხები, რომელთა მიღება ჩვენ არ შეგვიძლია. სადღეისოდ ჩვენი ხალხის ცხოვრების დონე არ იძლევა საშუალებას, რომ მათ უძრავი ქონება შეიძინონ…ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ “გაიხსნა ეს ბაზარი”. ავარდება ფასები, ადგილობრივი მოსახლეობა ვერ შესძლებს საცხოვრებლის შესყიდვას…ამიტომ უძრავი ქონების უცხოელებზე გასხვისების საკითხი 5-10 წლის განმავლობაში არ განიხილება”.
აფხაზმა დეპუტატმა ლეონიდ ჩამაგუამ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა რუს “კოლეგებს” ვიზიტისთვის, რომელთა დელეგაციაში იყვნენ ყირიმის წარმომადგენლებიც, და დასძინა : “ყირიმი მიდის თავისი გზით, ხოლო აფხაზეთის რესპუბლიკას თავისი გზა გააჩნია”. მასალას ავრცელებს რადიო “Эхо Кавказа”.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ლუკაშენკო: “ჩვენ არავისთან ვაპირებთ ომს”
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-ვინ არის პატრიარქის სახლს შეფარებული მუსტაფა ზორლუჯანი?