“დედა” და “ომის ამბორი” – ასე ჰქვია ორ სიმღერას, რომლებიც ალა პუგაჩოვამ შეასრულა და რომელთა პრემიერა YouTube ოფიციალურ არხზე რამდენიმე დღის წინ შედგა. ნახვების ბუმი მოსალოდნელი კი იყო, მაგრამ შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და კრემლი შოკში ჩააგდო – 1 აპრილს გამოქვეყნებულ სიმღერას “დედა” უკვე 1,4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ხოლო მეორე სიმღერას “ომის ამბორი” 800 ათასზე მეტი.
ორივე სიმღერა დედისა და ომში წასული შვილის დიალოგია. აქედან “დედის” სიმღერის ტექსტში დედა ომში დაღუპულ შვილს ესაუბრება და ეუბნება, რომ ის მისთვის ცოცხალია, ასევე ნანობს, რომ შვილი ომში გაუშვა:
“ეშმაკი შემომიჩნდა და მე გაგიშვი; გულმა როგორ აიტანოს, რატომ გავაკეთე ეს – ყოველღამე მესიზმრები და მესიზმრები”.
ტექსტში ეროვნული აქცენტი არ იგრძნობა, მაგრამ ქვეტექსტში ჩანს, რომ სიმღერა რუს დედა-შვილს ეძღვნება.
მეორე სიმღერის “ომის ამბორის” ტექსტი ომში წასული ჯარისკაცის სიტყვებზეა აგებული, რომელიც შეტევაზე გადასვლას ელოდება:
“მალე იქნება ბრძოლა, ბნელი ღამით თუ დღისით, ჩვენ ბედმა გვარგუნა ომის ამბორი. ომის მას კოცნის, ვინც უყვარს: კოცნის ფოლადის ნაღმით ან კიდევ ცხელი ტყვიით; ვერ გამიგია, რატომ არ გიხარია, ჩვენ ხომ გადავრჩით, ძმაო…” – ნათქვამია სიმღერის ტექსტში.
ალა პუგაჩოვას ამგვარი პროტესტი პირველი არ არის. რუსეთის ხელისუფლებამ მაქსიმალურად წაუყრუა პრიმადონას საპროტესტო ტვიტებსა და პოსტებს, არ შეიმჩნია, როცა კიევის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ ალა პუგაჩოვამ დაჭრილი დედა-შვილის ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: “ღმერთი დამნდობია, მაგრამ საზღვარი ყველაფერს აქვს”. კრემლს არ სურდა “უცო ქვეყნის აგენტად” ეღიარებინა ალა პუგაჩოვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მაქსიმ გალკინი აგენტად აღიარეს, ალა პუგაჩოვამ მიმართვა გაავრცელა, სადაც ითხოვდა, თავადაც ეღიარებინათ “უცხო ქვეყნის აგენტად”. ამ დრომდე ალა პუგაჩოვა მაქსიმ გალკინთან ერთად ისრაელში ცხოვრობს და დროდადრო ცოლ-ქმარი კონცერტებს მართავს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, რუსი ემიგრანტებისთვის, რომლებიც რუსეთიდან პუტინის რეჟიმს გაექცნენ.
2022 წელს BBC-მ ალა პუგაჩოვა მსოფლიოს ასი გავლენიანი ქალის სიაში შეიყვანა.
ამ დროისათვის რუსეთში YouTube დაბლოკილია, თუმცა VPN-ის საშუალებით შესაძლებელია პლატფორმისთვის თვალის დევნება. კრემლმა სუპერჰაკერები ჩართო, რათა ალა პუგაჩოვას არხი დაბლოკილიყო, მაგრამ აქედან ჯერჯერობით არაფერი გამოდის – ალა პუგაჩოვას ოფიციალური, ვერიფიცირებული არხი აქვს, რაც მეტ დაცულობასა და უსაფრთხოებასაც ნიშნავს – ასეთი არხების დაცვაზე პასუხისმგებლობა თავად პლატფორმას აქვს აღებული.