რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს განახლდეს, ანუ მას შემდეგ, რაც უკრაინელები ზოგიერთ ადგილას კონტრშეტევას განახორციელებენ – არახამია

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ და რუსეთთან მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ ახლა უკრაინული მხარე არ განიხილავს რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას. თუმცა ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს აგვისტოს ბოლოს, ანუ მას შემდეგ, რაც „უკრაინის შეიარაღებული ძალები ზოგიერთ ადგილას კონტრშეტევას განახორციელებენ“.

მისი თქმით, უკრაინას შეუძლია, განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები აგრესორთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფრონტზე მისი პოზიციები გაძლიერდება.

როგორც არახამიამ აღნიშნა, უკრაინისთვის მინიმალური მისაღები გარიგება იქნება ის, რომ „რუსები ნებაყოფლობით დაიხევენ იმ პოზიციებზე, სადაც იყვნენ 24 თებერვლამდე“. ამის შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება ყველა სუვერენული ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დაბრუნებაზე საუბარი.

„ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ ისეთი სახის პოლიტიკური შეთანხმება, როგორიც ჩვენ შევთავაზეთ სტამბოლში. მაგალითად, რამდენიმე წელი ყირიმის საკითხს არ შევეხებით“, – დასძინა არახამიამ.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის რაიონში ორი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა და ერთი ახალი მოედანი მოეწყო
შემდეგი სტატიამივესალმებით რეკომენდაციებს მოლდოვასა და უკრაინაზე, უნდა ვიმუშაოთ, რომ იგივე შესაძლებლობა საქართველოსაც მივცეთ – მეცოლა