რუსეთში თაღლითობის ბრალდებით თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე (2013 წლიდან -2024 წლის ივნისამდე) პაველ პოპოვი თაღლითობის საქმეზე დააკავა. გამოძიების ვერსიით პოპოვი, რომელიც 2021-2024 წლებში პასუხისმგებელი იყო “პატრიოტის პარკის” მომსახურებაზე, ამ დაწესებულების ხარჯზე გამდიდრდა. რუს გენერალს ბრალად ედება პარკის ფულის გამოყენება მოსკოვის რეგიონში მდებარე მისი ნაკვეთისთვის სამშენებლო მასალებისა და “მატერიალური აქტივების” მიწოდებაში. გამოძიება ასევე თვლის, რომ პოპოვი ბიზნესმენებს, რომლებიც “პატრიოტთან” თანამშრომლობდნენ, ხელქვეითების მეშვეობით აიძულებდა მის აგარაკზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ჩაეტარებინათ და მათ საფასურს არ უხდიდა.

“სახლის მშენებლობისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის შემდეგ, პოპოვმა განაგრძო პარკის ხარჯზე მისი დაახლოებით 3 ჰექტარი ფართობის ტექნიკურ-ეკონომიკური მოვლა-პატრონობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო კომიტეტი თვლის, რომ პოპოვმა დანაშაული ჩაიდინა პარკის დირექტორ ვიაჩესლავ ახმედოვთან და თავდაცვის სამინისტროს ინოვაციური განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვლადიმერ შესტეროვთან ერთად. ახმედოვი 2024 წლის 5 აგვისტოს დააკავეს, შესტეროვი კი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

საგამოძიებო კომიტეტმა განმარტა, რომ პოპოვი და მისი ოჯახი ფლობენ “უამრავ უძრავ ქონებას” (ზუსტად რამდენი არ არის მითითებული) მოსკოვში, მოსკოვის რეგიონსა და კრასნოდარის მხარეში. მიმდინარეობს შემოწმება მათი შეძენის კანონიერებასთან დაკავშირებით.

პატრიოტთა პარკის შექმნა 2014 წელს სერგეი შოიგუს ბრძანებით დაიწყო. ამ დროისთვის მის ტერიტორიაზე, რომელიც 3,5 ათას ჰექტარზე მეტია, განთავსებულია სამხედრო-პატრიოტული მუზეუმი, ისტორიული მოვლენების რეკონსტრუქციის ზონა, ასევე თავდაცვის სამინისტროს მთავარი ტაძარი. Open Media-ს ცნობით, მხოლოდ ტაძრის მშენებლობაზე ბიუჯეტიდან 2 მილიარდი რუბლი დაიხარჯა.

დამოუკიდებელმა მედიამ და გამომძიებლებმა არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია პატრიოტის პარკის მშენებლობისას თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების მიერ შესაძლო მრავალმილიონიანი ქურდობის შესახებ.

მიმდინარე წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არაერთი მაღალჩინოსანი დააკავეს თაღლითობის, ქრთამის აღებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით.

banner
წინა სტატიაშიმეუფე გრიგოლის თქმით, პატრიარქს არ სურს ოცნების ინიციატივა დაჩქარებულად იქნას განხილული
შემდეგი სტატიაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა