რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია – კენჭს რვა კანდიდატი იყრის

რუსეთში პრეზიდენტს მეშვიდედ ირჩევენ. რუსეთის ტერიტორიაზე პირველი საარჩევნო უბნები შორეულ აღმოსავლეთში გაიხსნა. რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ხმის მიცემის უფლება 110 მილიონ ამომრჩეველზე მეტს აქვს.

ქვეყნის მასშტაბით 97 ათასი უბანია გახსნილი. 400 უბანი მუშაობს საზღვარგარეთ. ამასთან, მათ შორის არ იქნება საქართველო და უკრაინა.

საქართველომ 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან. რაც შეეხება უკრაინას, ამ ქვეყნის მთავრობამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ რუსეთის საელჩოებსა და საკონსულოებში გახსნილ უბნებზე რუსეთის მოქალაქეებს არ შეუშვებს.

პირველად ხმის მიცემა ჩუკოტკის ოლქში დაიწყო, სულ ბოლოს უბნები კალინინგრადში დაიხურება. კენჭისყრის პირველ წინასწარ შედეგებს სწორედ ამ დროს, თბილისის დროით 22:00 საათზე გამოაცხადებენ.

საპრეზიდენტო მარათონში 8 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს, კომუნისტურმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად პაველ გრუდინინი წარადგინა, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან კენჭს იყრის ვლადიმირ ჟირინოვსკი, “სამოქალაქო ინიციატივის” სახელით – ქსენია სობჩაკი, “ზრდის პარტიას” წარმოადგენს ბორის ტიტოვი, პარტია “რუსეთის საერთო სახალხო კავშირის” კანდიდატია სერგეი ბაბურინი, მაქსიმ სურაიკინი კენჭს “რუსი კომუნისტების” სახელით იყრის, ხოლო “იაბლოკოს” კანდიდატი სერგეი იავლინსკია.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა 1991 წლიდან შემოიღეს. თავდაპირველად, მას 4 წლის ვადით ირჩევდნენ. 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ კი, 2012 წლიდან პრეზიდენტის ვადა 6 წლით განისაზღვრა.

პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტური ინიშნება. ეს რუსეთში მხოლოდ ერთხელ, 1996 წელს მოხდა. მეორე ტურში ბორის ელცინი და კომუნისტების ლიდერი გენადი ზიუგანოვი გავიდნენ.

პირველ ტურში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია მაისის დასაწყისში შედგება.

banner
წინა სტატიაშიბორჯღალოსნები რუმინელებს დაუპირისპირდებიან
შემდეგი სტატიაგუდაურში დაშავებული ორსული ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია