რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები თავდაპირველად რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში გაიხსნა და მოსკოვის დროით 21 საათზე დასრულდება, როდესაც საარჩევნო უბნები კალინინგრადის ოლქში დაიხურება.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ გახსნილია 94 ათასი საარჩევნო უბანი. ხმის მიცემის უფლება რუსეთის ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ მცხოვრებ 111 მილიონ 600 ათასს მოქალაქეს აქვს.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში მანდატებისთვის 14 პოლიტიკური პარტია იბრძვის.

დღესვე მიმდინარეობს ცხრა რეგიონის ხელმძღვანელის არჩევნები. რუსეთის ფედერაციის 39 სუბიექტში კი რეგიონულ პარლამენტს ირჩევენ.

უკრაინის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები გახსნილია კიევში რუსეთის საელჩოში, ასევე ხარკოვში, ოდესასა და ლვოვში გენერალურ საკონსულოებში. უსაფრთხოებას დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან უკრაინის ნაციონალური პოლიცია და ნაციონალური გვარდია იცავენ.

საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები კი ხმის მიცემას სომხეთის ქალაქ გიუმრიში არსებულ საარჩევნო უბანზე შეძლებენ.

პირველად 2003 წლის შემდეგ სახელმწიფო დუმის არჩევნები შერეული სისტემით იმართება – 225 დეპუტატს პარტიული სიებით, ხოლო 225 დეპუტატს მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.

banner
წინა სტატიაშიშსს საჯარო სკოლებში უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს
შემდეგი სტატიამინესოტაში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რვა ადამიანი დაჭრა