რუსეთში ორგანიზაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა – რუსეთი გადასახლებაში (Трансперенси Интернешнл – Россия в изгнании) ხელმძღვანელზე, ილია შუმანოვზე ფედერალური ძებნა გამოაცხადეს, რაც ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული.
ამის შესახებ რუსული გამოცემა Медиазона იუწყება.
გამოცემასთან საუბრისას შუმანოვმა თქვა, რომ მის წინააღმდეგ საქმე ე.წ. უცხოეთის აგენტისთვის შესაბამისი აღნიშვნის გარეშე მასალის გავრცელების გამო აღძრეს.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შუმანოვი ე.წ. უცხოეთის აგენტად 2022 წლის ოქტომბერში გამოაცხადა, 2023 წლის ივლისში კი სასამართლომ ის ე.წ. უცხოეთის აგენტის მასალის შესაბამისი აღნიშვნის გარეშე გავრცელების ბრალდებით 100 000 რუბლით დააჯარიმა.
2023 წელს რუსეთმა კორფუციასთან მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International არასასურველად გამოაცხადა, რამაც ქვეყანაში რუსეთის დანაყოფის მუშაობა შეუძლებელი გახადა. ამ მიზეზით გადაწყდა ორგანიზაციის ლიკვიდირება და რუსეთის საზღვრებს გარეთ საერთაშორისო გამჭვირვალობა – რუსეთი გადასახლებაში დაარსდა.
შუმანოვი Transparency International-ის რუსულ დანაყოფს 2021 წლიდან ხელმძღვანელობს.