რუსეთის მურმანსკის ოლქის გუბერნატორი, ანდრეი ჩიბისი, დანით დაჭრეს. რუსული სააგენტოები წერენ, რომ ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ჩიბისის მდგომარეობა მძიმეა. გუბერნატორი რეანიმაციაშია.
ანდრეი ჩიბისს 4 აპრილს, გვიან საღამოს თავს ქალაქ აპატიტის კულტურის სახლთან დაესხნენ, სადაც ის ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდა. შენობიდან გამოსულ ჩიბისს კაცი მიუახლოვდა და მუცელში დანით დაჭრა.
სახელმწიფო მედიასაშუალებები რუსეთის გვარდიის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ თავდამსხმელი გვარდიის თანამშრომელმა, რომელიც სხვა ოფიცრებთან ერთად მოსახლეობასთან გუბერნატორის შეხვედრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და დააკავა.
კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასს“ ადგილობრივ პოლიციაში განუცხადეს, რომ დაკავებული პირი ქალაქ აპატიტის მცხოვრები, 1981 წელს დაბადაებული ალექსანდრ ბიდანოვია. ის რკინიგზის თანამშრომელია. გუბერნატორზე თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ანდრეი ჩიბისი მურმანსკის ოლქის გუბერნატორია 2019 წლიდან.