რუსეთში, „მოროზოვსკის“ აეროდრომს 70-ზე მეტი უკრაინული დრონი დაესხა თავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, 14 ივნისის ღამეს უკრაინულმა ძალებმა რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე თავდასხმისთვის მინიმუმ 70 დრონი გამოიყენეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ბუდანოვის თქმით, ოპერაცია უკრაინის ტერიტორიიდან დაიწყო და აეროდრომს, სულ მცირე, 70 და, შესაძლოა მეტი, უკრაინული Dragon-ის და Splash-ის დრონით დაარტყეს.

ბუდანოვის განმარტებით, ზარალის შეფასება მიმდინარეობს.

„ველოდებით ინფორმაციას განადგურებული თუ დაზიანებული თვითმფრინავების შესახებ“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო უკრაინული დრონებით მეორე მასშტაბური თავდასხმა „მოროზოვსკზე“ ბოლო ორი თვის განმავლობაში. ბუდანოვმა ასევე განაცხადა, რომ ბაზაზე თავდასხმა განმეორდება.

კერძოდ, კითხვაზე, გეგმავენ თუ არა უკრაინული ძალები მორიგ საჰაერო თავდასხმას ამ აეროდრომზე, ბუდანოვმა უპასუხა: „დიახ“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიასა და დროებით ოკუპირებული ყირიმში 87 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

banner
წინა სტატიაში„როიტერი“ – გერმანიამ რუსეთისთვის ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტის დაწესება შეაფერხა
შემდეგი სტატიაპუტინი – რუსეთს სპეცოპერაციის ზონაში დაახლოებით 700 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს