რუსეთში, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს გაათავისუფლებენ

ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატში პრაღაში გამართული შეხვედრის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციამ ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

მასში ნათქვამია: შეხვედრაზე ცნობილი გახდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილება, უახლოეს მომავალში, საქართველოს რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლების შესახებ, რომლებიც სასჯელს იხდიან ჯაშუშობის ბრალდებით.

ასევე, გაიმართა საუბარი მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედების თაობაზე.

შეხვედრის დასაწყისში, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევა, ხდება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების ხელყოფა.

კერძოდ, ბოლო დროს გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში განვითარებული მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებას.

ყოველივე ეს ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ.

გრიგორი კარასინმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დააფიქსირა რუსეთის მხარის მიდგომა, რაც პრინციპულად განსხვავდება ქარული მხარის პოზიციისაგან.

ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემების მოგვარების, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.

განხილულ იქნა ასევე ჰუმანიტარული საკითხები.

კერძოდ, ცნობილი გახდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილება – უახლოეს მომავალში, საქართველოს რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლების შესახებ, რომლებიც სასჯელს იხდიან ჯაშუშობის ბრალდებით.
პრაღაში მომდევნო შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: ეს არის ცუდი გამოცდილება, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ შეიძინა
შემდეგი სტატიაქურთებმა ჩრდილოეთ სირიაში ფედერაცია გამოაცხადეს