რუსეთში ექსტრადიცია იტალიაში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ემუქრება

„უფლებები საქართველო“ მიმართავს საქართველოს შესაბამის უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები იტალიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ბორის წიკლაურის, რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების შესაჩერებლად და სამშობლოში მის დასაბრუნებლად.

ბორის წიკლაური ამჟამად იტალიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, საიდანაც იგეგმება მისი ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში. სამწუხაროდ, იტალიის სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა, სათანადოდ არ შეისწავლეს საქმის გარემოებები. განსაკუთრებით კი, მათ მიერ ყურადღება არ გამახვილდა წიკლაურის საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებით მისი სიცოცხლის მიმართ არსებულ მომეტებულ საფრთხეებზე.

იტალიაში, წიკლაურის ექსტრადირების საქმის განხილვის ხარვეზებით მიმდინარეობის გათვალისწინებით, მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა ერთადერთ ქმედით მექანიზმად შეიძლება იქნას მიჩნეული.

თუმცა, იტალიის კანონმდებლობის თანახმად, იტალიაში, ეროვნულ დონეზე ამოწურული არ არის წიკლაურის ინტერესების დაცვის შიდა სამართლებრივი მექანიზმები. კერძოდ, კანონმდებლობა შესაძლებლობას იძლევა, იტალიის იუსტიციის მინისტრის მიერ წიკლაურის ესტრადირების თაობაზე გამოცემული ბრძანება გასაჩივრდეს იტალიის ადმინისტრაციულ ტრიბუნალში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად(1), სწორედ ამ პროცედურის შემდგომ, არის შესაძლებელი წიკლაურის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთვის მიმართვა.

სამწუხაროდ, ემიგრაციაში მყოფმა წიკლაურის ოჯახმა, ამოწურა ფინანსური რესურსი და ამჟამად ოჯახის წევრები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დაფარონ იუსტიციის მინისტრის ბრძანების გასაჩივრებისთვის ადვოკატის ანაზღაურება.

ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უწყებების მხრიდან, დღემდე, არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები, საფრთხეში მყოფი, თავისივე მოქალაქის მხარდასაჭერად და მისი ექსტრადირების შესაჩერებლად.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, „უფლებები საქართველო“ მოუწოდებს:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გადადგას ქმედითი და დროული ნაბიჯები წიკლაურის ექსტრადირების შესაჩერებლად;
საქართველოს საელჩოს იტალიაში, უზრუნველყოს წიკლაურის ოჯახის მხარდაჭერა ხელმისაწვდომი სამართლებრივი დახმარების მოძიების პროცესში.
„უფლებები საქართველო“ მზადყოფნას გამოთქვამს, იტალიაში შიდა სამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის შემდგომ, წარმოადგინოს წიკლაურის ინტერესები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე.

რუსეთის ფედერაციაში წიკლაურის მიმართ წარმოებული გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის დეტალები

ბორის წიკლაურის საქმე 1999 წელს, რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის მოქალაქის გარდაცვალებას უკავშირდება. საყურადღებოა, რომ რუსეთში, პირველი ინსტანციის სასამართლომ წიკლაურის მიმართ, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებისათვის, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა მასზე გაავრცელა რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოცემული ამნისტიის აქტი და ის გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. აღნიშნული გადაწყვეტილება, გასაჩივრდა ზემდგომ ინსტანციაში და პროკურატურას დაევალა საქმის დამატებითი შესწავლა.
2000 წელს, რაიონულმა პროკურატურამ მიიღო დადგენილება, რომლითაც დაადგინა, რომ წიკლაურის სისხლის სამართლის საქმეში არ ვლინდება განზრახ მკვლელობის ნიშნები და საქმის წარმოება განაგრძო აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების მუხლით. თუმცა, ამ დროისათვის წიკლაურს უკვე დატოვებული ჰქონდა რუსეთის ტერიტორია და ის საქართველოში იმყოფებოდა.

დაახლოებით 15 წლის შემდგომ, რუსეთის ფედერაციის შესაბამისმა უწყებებმა განაახლეს აღნიშნულ საქმეზე საქმის წარმოება და შეცვალეს სისხლის სამართლის საქმის კვლაფიკაცია. მიუხედავად 2000 წელს მიღებული დადგენილებისა, საქმეში განზრახ მკვლელობის ნიშნების არარსებობის შესახებ, საქმე კვლავ ამ მუხლით დაკვალიფიცირდა. საქმის გადაკვალიფიცირების მიზანს, წიკლაურის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება წარმოადგენდა, ვინაიდან აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით მიეკუთვნება დანაშაულის იმ კატეგორიას, რომელზედაც საერთაშორისო ძებნა ვერ გამოცხადებოდა.

banner
წინა სტატიაშიწილოსანი – 21-ე საუკუნეში რევოლუციური სცენარი ქვეყნისთვის 20 წლით უკან დახევა იქნება
შემდეგი სტატიასერგო ჩიხლაძე – რევოლუციას ვერავინ დაგეგმავს, ეს არის სპონტანური აქტი