რუსეთში დაუსწრებლად გაასამართლეს ვერხოვნა რადის დეპუტატი ოლექსეი ჰონჩარენკო

მოსკოვის დასავლეთის მეორე საოლქო-სამხედრო სასამართლომ დაუსწრებლად, ათი წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა უკრაინის “ვერხოვნა რადის” დეპუტატს, ოლექსეი ჰონჩარენკოს.

“მედიაზონის” თანახმად, სასამართლომ უკრაინელი დეპუტატი დამნაშავედ ცნო რუსეთის არმიის შესახებ პოლიტიკური სიძულვილით მოტივირებული ე.წ. ყალბი ცნობების გავრცელების საქმეზე.

ჰონჩარენკო დამნაშავედ ცნეს ასევე ტერორიზმის გამართლებისა და ძალადობის მუქარით სიძულვილის გაღვივების ბრალდებით. უცნობია, რა გახდა უკრაინელი დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი.

მიმდინარე წლის აპრილში გახდა ცნობილი, რომ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერის მოადგილის, ოლექსეი ჰონჩარენკოს წინააღმდეგ. “ძალიან სასიამოვნოა ვიყო პირველი დეპუტატი, რომელსაც რუსეთის ფედერაციაში ომის დანაშაულისთვის ასამართლებენ. ველოდები განაჩენს! ყველას კი არ აქვს ასეთი საპატიო წოდება!” – განაცხადა მაშინ ჰონჩარენკომ.

რუსეთის სასამართლოები ფეიკად და დისკრედიტაციად მიიჩნევენ პრაქტიკულად ნებისმიერ ინფორმაციას უკრაინის ომის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ან კრემლის ოფიციალურ პოზიციას.

banner
წინა სტატიაშირუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სერგო ფიფია უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიამარკ რუტეს კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე რუმინეთის დასტურიღა სჭირდება