ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის გადადგომით რუსეთის მიერ ტერიტორიის ანექსიის პროცესი მკვეთრად დაჩქარდება, რაც უდიდეს დარტყმას მიაყენებს საქართველოს უსაფრთხოებასა და ეკონომიკას — ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ გადაცემაში “რეზიუმე” განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთთან პარტნიორობის გაფუჭების გამო, ქვეყანა ამ უმძიმესი საფრთხის წინაშე სრულიად მარტო დარჩა.
პაატა დავითაიას შეფასებით, კრემლს სამართლებრივი ბაზა დიდი ხანია გამზადებული აქვს, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯი 9 მაისს გადაიდგა, როდესაც გაგლოევმა და პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებები ოკუპირებულ რეგიონშიც ამოქმედდა. დავითაია აღნიშნავს, რომ გაგლოევის გადადგომა და მისი პუტინის მრჩევლად დანიშვნა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების მიზნით, პროცესის ფინალია.
„ეს ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ იქნება მომართული. ამით ანაკლიის და ფოთის პორტი მოკვდება და რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ უდიდესი ბერკეტები გაუჩნდება… შემდეგ ის იქნება, რომ მათ „ქართული ოცნება“ არ დასჭირდებათ, დასჭირდებათ მხოლოდ კომენდანტი“.
დავითაია აცხადებს, რომ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება შიდა კონსოლიდაცია, რადგან საგარეო იზოლაციის პირობებში დახმარებას სხვაგან ვერ მიიღებს: „ჩვენ პარტნიორები არ გვყავს. რაიმე რომ მოხდეს, მარტო ვართ. ჩინეთი ჩვენს გამო რუსეთს ომს არ დაუწყებს“.
მისივე პროგნოზით, მოსკოვი თბილისზე ეკონომიკურ ზეწოლას გააძლიერებს, რათა აიძულოს სოხუმის გავლით რკინიგზის გახსნა, სადაც აფხაზური მხარე დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით დაარტყამს ბეჭედს.

















