რუსეთს, აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან არანაირი კავშირი არა აქვს

MIDრუსეთს, აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისი მომხდარს იყენებს „პროპაგანდისტული ვარჯიშებისთვის რუსული ოკუპაციის თემაზე“.
„უწყებამ ყურადღება მიაქცია საქართველოში გავრცელებულ ინფორმაციას, აფხაზეთის საზღვართან მდებარე რაიონში, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ. როგორც ყოველთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინციდენტი „რუსული ოკუპაციის“ თემაზე ახალი პროპაგანდისტული ვარჯისებისთვის გამოიყენა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ თბილისში „მშვენივრად იციან, რომ არც მესაზღვრეებს და არც რუსეთის სხვა წარმომადგენლებს არ ჰქონდათ კავშირი ამ სამწუხარო შემთხვევასთან“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

„ვურჩევთ ქართულ მხარეს, ადამიანის ტრაგიკული დაღუპვის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად, ქართულ-აფხაზური საზღვრის რაიონში, ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის განახლების ამოცანებზე გაამახვილოს ყურადღება.

შესაბამისი შეთანხმება აფხაზური მხარის კეთილი ნებისა და კონსტრუქციულობის წყალობით, მიიღწა ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე, მიმდინარე წლის მარტში. ანტირუსული გამოხტომები ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს ხელს ნამდვილად არ უწყობს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

წყარო

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხურჩაში ჩავიდნენ
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი:ძალიან ძნელია ამის გაგება იმ ქვეყანაში, სადაც ერთმანეთი უფრო გვძულს, ვიდრე ჩვენი საერთო მტერი