გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის ტერიტორიაზე 100-ზე მეტი დრონით შეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.
ხოლო როგორც მონიტორინგის ჯგუფი „Крымского ветра“ სატელიტურ გამოსახულებაზე დაყრდნობით იუწყება, უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტიეს იეისკში აეროდრომს. უკრაინული მხარე ინფორმაციას ავრცელებს რამდენიმე ლოკაციაზე ხანძრის გაჩენის შესახებ.
„ხანძრის კერები შემჩნეულია ასაფრენი ბილიკის აღმოსავლეთით. ეს ტერიტორია აეროდრომს ეკუთვნის, თუმცა, მასზე არსებული შენობების დანიშნულება უცნობია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამას გარდა, ცნობები ვრცელდება იმის შესახებ, რომ დრონებმა შეუტიეს კრასნოდარის მხარეში მდებარე ილიინსკის და ვოლგოგრადის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების ტერიტორიაზე.
ადგილობრივების თქმით, ვოლგოგრადში ღამის განმავლობაში დაახლოებით 40 აფეთქება გაისმა.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 70 დრონი ოკუპირებული ყირიმისა და შავი ზღვის აკვატორიის თავზე ჩამოაგდეს, ხოლო კიდევ 43 უპილოტო საფრენი აპარატი ვოლგოგრადის ოლქში.