რუსეთმა ვენესუელაში ორი სტრატეგიული რაკეტამზიდი-ბომბდამშენი გააგზავნა

ორი რუსული სტრატეგიული რაკეტამზიდი-ბომბდამშენიТу-160, სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-124 და სამგზავრო Ил-62 ვენესუელაში ჩაფრინდნენ. რუსეთი ვენესუელელ მფრინავებს წვრთნებს უტარებს მიუხედავად ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური ფონისა. იმის შესახებ, რომ რუსეთმა თვითმფრინავები გააგზავნა, პირველად The Washington Free Beacon-მა დაწერა პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, ბომბდამშენებზე თვალყური უჭირავს აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს. თვითმფრინავებს შეუძლიათ ბირთვული ქობინების მქონე ფრთიანი რაკეტები ისროლონ.

გუშინ დილით ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რომ რუსულმა ბომბდამშენებმა ჩრდილოეთ ატლანტიკისკენ გადაიფრინეს. მათ გასაცილებლად შოტლანდიის ავიაბაზადან ორი ბრიტანული გამანადგურებელი გააგზავნეს. სავარაუდოდ, რუსული თვითმფრინავები ვენესუელაში მიფრინავდნენ. ინფორმაცია მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.
ვენესუელას თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ პედრინო ლოპესმა განაცხადა, რომ ისინი ემზადებიან იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანა დაიცვან. “რასაც გავაკეთებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად, რომლებიც ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემის მომხრე არიან” – თქვა ლოპესმა – “ბიბისი” წერს.

დღეს, სამშაბათს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “ტვიტერში” დაწერა: “რუსეთის მთავრობამ ნახევარი მსოფლიოს გადაფრენით ვენესუელაში ბომბდამშენები გააგზავნა. რუსეთისა და ვენესუელას ხალხმა ეს უნდა განიხილოს, როგორც სახელმწოფო ქონების განადგურება და თავისუფლების შელახვა, მაშინ, როცა მათი ხალხი იტანჯება”. კრემლი მათ ასეთ შეფასებას არ ეთანხმება.

გასულ კვირას ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მარუდო და თავდაცვის მინისტრი რუსეთს ეწვივნენ. მაშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსული ავაიაციის ვენესუელაში ჩაფრენის პრაქტიკა გააგრძელდებოდა. გემები კი ამ ქვეყნის პორტებში შევლენ. მარუდო, ასევე, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. პუტინი მას მაქსიმალურ დახმარებას დაპირდა.

banner
წინა სტატიაშიმერკელმა მეის “ბრეკსიტის” შესახებ ახალ მოლაპარაკებებზე უარი უთხრა
შემდეგი სტატიასტრასბურგში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა