კომპანია Naftogaz წერს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის უმსხვილესი სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიის, „ნაფტოგაზის“ კუთვნილ ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში მიიტანეს.
კომპანიის ინფორმაციით, 29 მარტს დარტყმა სუმის ოლქში მდებარე ობიექტებზე განხორციელდა. მათი ინფორმაციით, ზედიზედ მეოთხე დღეა, რაც რუსული მხარე მიზანმიმართულად უტევს კომპანიის ობიექტებს.
„ნაფტოგაზის“ ცნობით, იერიშის შედეგად ობიექტზე გაჩნდა ხანძარი და მოხდა მნიშვნელოვანი ნგრევა. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„ჩვენი თანამშრომლებისა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობის წყალობით, ხანძარი ოპერატიულად იქნა ლიკვიდირებული“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 28 მარტს მოწინააღმდეგემ დრონების გამოყენებით პოლტავის რეგიონში „ნაფტოგაზის“ სამ საწარმოო ობიექტზე იერიში მიიტანა.

















