რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სირიაში საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-300-ების გაგზავნის შესახებ მოახსენა -ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
შოიგუს თქმით, სირიის არმიას სულ 49 ერთეული С-300 გადაეცა და სირიელი სამხედროებისთვის კომპლექსის გამოყენებასთან დაკავშირებული წვრთნები სამი თვე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ სირიის მთავრობისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემის შესახებ მსჯელობა უკანასკნელი ორი კვირაა მიმდინარეობს.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ამ ნაბიჯს “უმსხვილესი” შეცდომა უწოდა.
რუსეთმა С-300-ის სირიაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სირიის არმიამ ისრაელის თვითვმფრინავის ჩამოგდების მცდელობისას რუსული მზვერავი-თვითმფრინავი Ил-20 ჩამოაგდო, რომელშიც 15 სამხედრო პირი იმყოფებოდა. რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თვითმფრინავი რუსულ Ил-20-ს ამოეფარა.