„რუსეთმა, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ უნდა უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროპის საბჭოს შესაბამისი მექანიზმების დაშვება“ – მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს 128-ე მინისტერიალში, რომელსაც დანია მასპინძლობს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები იცავდნენ იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რასაც ეფუძნება ეს ორგანიზაცია, რომელიც დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რადგან წევრი ქვეყნები არღვევენ მის ფუნდამენტურ ვალდებულებებს და მათ შორის არის რუსეთის ფედერაცია, რომლის ქმედებებიც ეწინააღმდეგება ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს.

„მომავალ წელს 70 წელი სრულდება ევროპის საბჭოს დაფუძნებიდან, ამ პერიოდის განმალობაში წევრმა ქვეყნებმა ძალიან დიდი სარგებელი მიიღეს ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობით. ეს ორგანიზაცია ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის გაძლიერებას და ეს არის ის პრინციპები, რომელსაც უნდა იცავდეს ყველა წევრი ქვეყანა. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ორგანიზაცია ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან წევრი ქვეყნები არღვევენ ვალდებულებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს ამ ორგანიზაციისა“ – განაცხადა ჯანელიძემ მინისტერიალის შეფასებისას.

მინისტრის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია განვითარდეს და საქმიანობა გააგრძელოს იმ პრინციპების შესაბამისად, რასაც ის ეფუძნება. „ყველა სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელსაც იღებს ორგანიზაცია. რუსეთმა უნდა უზრუნველყოს როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ ევროპის საბჭოს შესაბამისი ინსტიტუტების დაშვება რეგიონში, რათა ჩვენ შევძლოთ ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება ადგილზე. რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესდეს ამ რეგიონებში“ – განაცხადა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოსთან მიმართებაში განხორციელებულ ქმედებებს. მათ შორის გენერალური მდივნის ყოველწლიურ მოხსენებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ასევე მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, სადაც მკაფიოდ არის დაფიქსირებული რუსეთის ფედერაციის ვალდებულებები ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

მინისტრმა ასევე შეაფასა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის გეგმის შესრულების თავლსაზრისით, რაც უკავშირდება საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რაც მხარდაჭერილია წევრი ქვეყნების მხრიდან და აისახება საქართველოს წარმატებულ საქმიანობაში ევროპის საბჭოში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით მიმართა მინისტერიალის მონაწილეებს. მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს მართავს კოლეგებთან.

banner
წინა სტატიაშიბუდისტი ბერი დეპრესიაში ჩავარდა და მონასტერს სასამართლოში უჩივლა
შემდეგი სტატია“ადამიანის უფლებათა დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლის ფასი არის ნოლი” – გიორგი გახარია