“რუსეთმა ფრენების აღდგენაზე საუბარი იმიტომ დაიწყო, რომ ავიამიმოსვლის შეწყვეტამ საქართველოს ეკონომიკას სერიოზული ზიანი ვერ მიაყენა” – კანდელაკი

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი რუსეთთან ფრენების აღდგენის პერსპექტივას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ფრენების აღდგენაზე საუბარი რუსულმა მხარემ უმთავრესად დაიწყო იმიტომ, რომ ფრენების შეწყვეტამ სერიოზული ზიანი საქართველოს ეკონომიკას ვერ მიაყენა რადგანაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტთა ნაკადი ევროკავშირიდან.

“ევროკავშირიდან ნაკადის სერიოზული ზრდა, დიდწილად, ქუთაისის აეროპორტის დამსახურებაა, რომელიც, თავის დროზე, ივანიშვილის პრემიერობის დროს, ქართულმა ოცნებამ არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ, მაგალითად, პოლონეთიდან ნაკადი გაიზარდა 23%-ით, გერმანიიდან 33%-ით, დიდი ბრიტანეთიდან 28%-ით, საფრანგეთიდან 27%-ით და ნიდერლანდებიდან 31%-ით.

ასეთ სიტუაციაში, სრულიად გაუგებელი და გაუმართლებელია რომ მთავრობა კვლავ საუბრობს ფრენების სუბსიდირების შესახებ რუსეთიდან მაშინ როცა, მაგალითად, ერთი გერმანელი ტურისტი ერთ რუს ტურისტზე სამჯერ მეტ ფულს ხარჯავს.

ამავე დროს, ბ-ნი გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროს, ეკონომიკის სამინისტრომ დახარჯა მილიონობით ლარი ტურიზმის რეკლამაზე რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე რომლებიც საქართველოს გენოციდში ადანაშაულებდნენ. ჩვენ ჯერ კიდევ 4 ივნისს გამოვითხოვეთ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან იმის შესახებ თუ რა თანხა დახარჯა საქართველოს ტურიზმის რეკლამაზე მთავრობამ სხვა ქვეყნებში. საზოგადოებას სრული უფლება აქვს გააკეთოს შედარება – მაშინ როცა ოკუპანტ ქვეყანაზე ჩვენს დამოკიდებულებაში, მათ შორის ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ, დაიხარჯა 13 მილიონი ლარი, რამდენი დაიხარჯა, მაგალითად, გერმანიაში. კანონის სრული დარღვევით, ეკონომიკის სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს.

ქუთაისის აეროპორტის გაფართოების სამშაოებს ერთწლიანი ჩამორჩენა აქვს რის გამოც ახალი რეისები ვერ გაიხსნა იმ ინტენსივობით რა ინტენსივობითაც დაგეგმილი იყო. სწორედ ამიტომ, მიუხედავად ზრდისა, ქუთაისის აეროპორტი ორი მილიონი მგზავრის დაგეგმილ სიმძლავრეს მნიშვნელოვნად ჩარმოჩება” – აღნიშნა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა
შემდეგი სტატიარუსეთის დუმის სპიკერი: საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს