რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი, ანდრეი კელინი გაიწვია. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ლონდონში რუსეთის საელჩოს ცნობით, კელინმა დიპლომატიური პოსტი 21 ივლისს, თანამდებობაზე შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის საელჩოს უფროსი დიპლომატიური პერსონალის სიაში მხოლოდ დროებითი საქმეთა რწმუნებული, ვასილი ციგანოვია მითითებული.
საელჩოს წარმომადგენელმა Sunday Times-ს განუცხადა, რომ კელინის შემცვლელის კანდიდატურა ჯერჯერობით წარდგენილი არ არის, თუმცა მოსკოვი ლონდონთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაქვეითებას არ გეგმავს.
„რაც შეეხება რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობების მდგომარეობას, ის უპრეცედენტოდ დაბალ დონემდე გაუარესდა, მთლიანად ლონდონის ინიციატივით. კელინმა დიდი ბრიტანეთი იმ იმედით დატოვა, რომ კონსტრუქციული და პატივისცემაზე დამყარებული დიალოგი აღდგება, თუ ლონდონი ჩვენი ქვეყნის მიმართ თავის პოლიტიკას გადახედავს“, — განაცხადეს რუსეთის საელჩოში.















