საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ევროპელ მაღალჩინოსნებსა და საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ რუსეთმა და ჩინეთმა 2025 წელს საიდუმლო სამხედრო წვრთნები ჩაატარეს.
“ორი ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით და დოკუმენტების თანახმად, რომლებსაც სააგენტო Reuters-ი გაეცნო, გასულ წელს რუსი სამხედროების ჩინეთში საიდუმლო სამხედრო წვრთნები პირადად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის თავდაცვის მინისტრის მიერ იყო დამტკიცებული და მინიმუმ ოთხი რუსი და ჩინელი გენერლის უშუალო მონაწილეობით ტარდებოდა”, – წერს სააგენტო.
ევროპელი მაღალჩინოსნების თქმით, ასეთი მაღალი თანამდებობის პირების წვრთნებში მონაწილეობა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომს უკავშირდება, რუსეთისთვისა და ჩინეთისთვის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მეტყველებს, რამაც შეშფოთება გამოიწვია ევროპაში იმის მიუხედავად, რომ პეკინი ამის არსებობას უარყოფს.
რუსულ საიდუმლო დოკუმენტში, რომელსაც Reuters გაეცნო, პირდაპირი ბმულია შიდა განკარგულებაზე, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა 2025 წლის აგვისტოში გასცა. მასში ნათქვამია, რომ ბელოუსოვის გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთის შეიარაღებული ძალების დელეგაცია ჩინეთში გაემგზავრა ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიის ობიექტებზე წვრთნებში მონაწილეობისთვის.
იმავე ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ერთ-ერთი საწვრთნელი კურსი – ნოემბერში , პეკინში სამხედრო ობიექტზე სამკვირიანი სეანსი, რომელიც რადიოლოგიურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ დაცვას ეძღვნება.

















