რუსეთმა ბელგიას მისი თვითმფრინავების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის მტკიცებულებები წარუდგინა

news
ავტ.: news ოქტომბერი 21, 2016 16:48

რუსეთმა ბელგიას მისი თვითმფრინავების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის მტკიცებულებები წარუდგინა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში ბელგიის ელჩს, ალექს ვან მუევენს სამეფოს თვითმფრინავების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის საქმეზე მტკიცებულებები გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე დევს.
გუშინ, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო ძალები სირიის დასახლება ხასაჯეკის დაბომბვაში, რომელიც ალეპოსთან ახლოს მდებარეობს, არ მონაწილეობდნენ.
„იმ ინფორმაციით, რომელიც თავდაცვის სამინისტროსგან მივიღე, ბელგია ალეპოს თავდასხმაში არ მონაწილეობდა,” – განაცხადა პრემიერმა და დაამატა, რომ ქვეყნის პარლამენტი უახლოეს დღეებში სამხედროებისგან სირიაში მიმდინარე მოქმედებებზე ანგარიშს მიიღებს.
ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი კი მას შემდეგ დაიბარა, რაც რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 19 ოქტომბერს, ალეპოში, ბელგიურმა თვითმფრინავებმა მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს. ბელგიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, დიდიე ვანდერჰასელტმა განაცხადა, რომ ბელგიის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის ანალოგიურ უწყებასთან კონტაქტის დამყარებას ცდილობს.
„ამასთან, უკმაყოფილო ვართ იმის გამო, რომ ინფორმაცია გამოქვეყნებამდე არ გადამოწმდა,“ – აცხადებს ვანდერჰასელტი.
საუბარია დასახლება ხასაჯეკში მომხდარ ავიადარტყმაზე, რომლის შედეგადაც ორი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, ექვსი ადამიანი დაიღუპა, ოთხმა კი, სხეულის დაზიანება მიიღო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავიადარტყმები ბელგიურმა F-16-მა განახორციელეს.

news
ავტ.: news ოქტომბერი 21, 2016 16:48