რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, ოფიციალურ ბაქოს დიპლომატიური დემარში გამოუცხადეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების გამო, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს შეეხებოდა.
როგორც რუსული მხარე მიიჩნევს, ასეთი განცხადება არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ხასიათს.
„ეს არის მიუღებელი შეფასებები, რაც არ შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სამოკავშირეო დონეს. ამიტომ, აზერბაიჯანული მხარის მიმართ გამოითქვა დიპლომატიური დემარში. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ბაქო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ისეთივე პატივისცემით უნდა მოეკიდოს, როგორი მოლოდინიც ჩვენს პარტნიორებს ჩვენი მხრიდან აქვთ, როცა საუბარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობაზე. ვფიქრობ, ჩვენმა აზერბაიჯანელმა მეგობრებმა კარგად იციან ჩვენი ახალი რეგიონების ისტორია“, – განაცხადა ზახაროვამ.