რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტს შორის ბოლო შვიდი თვის განმავლობაში პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის საუბარი ნოემბერში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ პირველად შედგა. როგორც სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყდრნობით ავრცელებს ინფორმაციას, ერდოღანსა და პუტინს შორის საუბარი 45 წუთს გაგრძელდა და იყო “პროდუქტიული და პოზიტიური”. ამასთან, უცნობია, კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტებმა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანისგან მიიღო წერილი, რომელშიც თურქეთის ლიდერმა ჩამოგდებული თვითმფრინავისთვის ბოდიში მოიხადა. თუმცა, თურქული მხარის მტკიცებით, ანკარას ბოდიში არ მოუხდია, თურქეთის ხელისუფლებამ მხოლოდ მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო.

28 ივნისს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების დაწყების შესახებ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს ჩამოგდბეული თვითმფრინავის სანაცვლოდ კომპენსაცია გადაუხადოს, თუმცა მოგვიანებით ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ კომპენსაციის საკითხი არ განიხილება.

მოსკოვსა და ანაკარას შორის ურთიერთობები გასული წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიძაბა, რომ სირიის საზღვართან თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. სუ-24-ის ტიპის გამანადგურებელი სირიაში სამხედრო კამპანიაში მონაწილეობდა. ინციდენტის შედეგად ერთი რუსი მფრინავი დაიღუპა. ანკარას მტკიცებით, რუსული თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. მოსკოვი თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას კატეგორიულად უარყოფს.

გამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და სავიზო სანქციები დააწესა. მოსკოვმა ანკარასგან ბოდიშის მოხდა და ზარალის კომპენსაცია მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში 29 ივნისი გლოვის დღეს გამოცხადდა
შემდეგი სტატიასაქართველოში თურქეთის ელჩი საქართველოს სოლიდარობისა და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის