რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის ჯარებმა კურსკის ოლქში 12 დასახლება აიღეს. საუბარია აგრონომის, ბოგდანოვკას, ბონდარევკას, დმიტრიუკოვის, ზაზულევკას, ივაშკოვსკის, კოლმაკოვის, კუბატკინის, მარტინოვკას, მიხაილოვკას, პრავდას, იუჟნის დასახლებებზე.
უკრაინის რადის თავდაცვის კომიტეტის მდივანი კურსკის რეგიონიდან უკრაინული სამხედრო ნაწილების გასვლას შესაძლებლად მიიჩნევს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
რომან კოსტენკოს განცხადებით, კურსკის რეგიონში უკრაინის სამხედროებისთვის რთული ვითარებაა, რადგან რუსეთის არმია არა მხოლოდ ყველა მხრიდან უტევს მათ პოზიციებს, არამედ მათი ალყაში მოქცევის პირობების შექმნას ცდილობს. უკრაინელი დეპუტატის თქმით, რუსების წარმატებები შეერთებული შტატების მიერ სადაზვერვო მონაცემების შეზღუდვას არ უკავშირდება.
„რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გაიგზავნება თუ არა რეზერვები იქ, ან გადაწყდება თუ არა გადაადგილება, ამას მოგვიანებით ვნახავთ, როდესაც ეს აქტიური ეტაპი ცოტათი შეჩერდება“, – აღნიშნა რომან კოსტენკომ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკიმ უარყო ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლო ალყის შესახებ კურსკის რეგიონში. ამასთან, „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უახლოეს მომავალში რუსებმა, შეიძლება, დაიწყონ ქალაქ სუჯის დაპყრობის მცდელობები.