რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. უწყების ცნობით, განადგურებულია 24 დრონი.

როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, საჰაერო თავდაცვის სისტემებით ოთხი უკრაინალი დრონი ჩამოგდებულია ბრიანსკის, სმოლენსკის და ტულის ოლქებში. უწყებაში ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავის ტიპის უპილოტო აპარატების სამიზნეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ობიექტი წარმოადგენდა.

მოსკოვში ასევე განაცხადეს, რომ დრონებით თავდასხმა ღამის განმავლობაში განხორციელდა მოსკოვის, კალუჟის და ბრიანსკის ოლქებზე, რომელთა ტერიტორიაზეც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, კიდევ ცხრა დრონი ჩამოაგდეს ღამით კალუჟის, ბრიანსკის და ტულის ოლქებში.

როგორც რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, თავდასხმის შედეგად ტულის ოლქში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც დრონი შეეჯახა. თუმცა, როგორც ოლქის გუბერნატორი ამბობს, დაზიანება უმნიშვნელოა და არავინ დაშავებულა.

რამდენიმე შენობის დაზიანების შესახებ იუწყება მოსკოვის ოლქის გუბერნატორიც. მისივე თქმით იერიშის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.

მოსკოვის ოლქზე იერიშის გამო დროებით შეწყვეტილი იყო რუსეთის დედაქალაქის აეროპორტების, „დომოდედოვოსა“ და „ვნუკოვოს“ ფუნქციონირება. როგორც რუსული მედია წერს, მოგვიანებით აეროპორტებმა მუშაობა განაახლეს.

კალუჟის ოლქში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანება არ დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა პატიმრობიდან 39 პალესტინელი გაათავისუფლა
შემდეგი სტატიაბერლინში უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა