ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალებმა და ადგილობრივმა საოკუპაციო რეჟიმმა ერთობლივი სამხედრო ტაქტიკური სწავლება გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური პროპაგანდისტული სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, მანევრების დროს განსაკუთრებული ყურადღება ერთობლივი ამოცანების შესრულებისას კოორდინაციასა და უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) გამოყენებას დაეთმო.
„სასწავლო-საბრძოლო ამოცანების დამუშავებისას საარტილერიო ჯგუფებმა საცეცხლე პოზიციებზე ნორმატივები შეასრულეს. მეცადინეობების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახმელეთო საცეცხლე საშუალებების უპილოტო საფრენი აპარატების მმართველ ჯგუფებთან ურთიერთქმედების ალგორითმების დამუშავებას.
კომპლექსების ოპერატორებმა განახორციელეს საჰაერო დაზვერვა, ბრძანებების გაცემა, სროლის კორექტირება და პირობითი მტრის ობიექტების დაზიანების შედეგების შეფასება“, — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სამხედრო წვრთნების ფარგლებში საოკუპაციო ძალებმა საცეცხლე მომზადებასა და არტილერიის მართვაშიც ივარჯიშეს.

















