რუსეთის სამხედრო აგრესია გრძელდება უკრაინაში, ის არ დამთავრებულა საქართველოში და არ დამთავრებულა ევროპისთვის

http://forbes.net.ua/nation/1405880-15-tezisov-miheila-saakashvili-o-borbe-s-korrupciej

მიხეილ სააკაშვილის განცხადება "შუსტერ LIVE" -ის ეთერში რუსული პრესის მთავრი თემაა„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია გრძელდება უკრაინაში, ის არ დამთავრებულა საქართველოში და არ დამთავრებულა ევროპისთვის“,

– ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ტელეკომპანია 112-ის გადაცემაში „მნენიე“(მოსაზრება) განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, საქართველოში მოხდა პირველად ისე, რომ მსოფლიომ იგრძნო რუსული აგრესიის არსებობა:

„და როცა ერთხელ ჟურნალისტებმა მე მკითხეს, რა იქნებოდა შემდეგ, მე მათ ვუპასუხე, რომ შემდეგ იქნებოდა ყირიმი, უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთი და, შესაძლოა, პოლონეთიც.

2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა. პუტინი ჯერ კიდევ 2006 წელს დამემუქრა მე ომით და გასცა ბრძანება ომის სამზადისისთვის. ისინი ემზადებოდნენ და ჩვენც ვემზადებოდით, მაგრამ რომ არა უკრაინის დახმარება, საქართველოს მაშინ გადარჩენა გაუჭირდებოდა.

ომი სამხრეთ ოსეთში დაიწყო. რა არის სამხრეთ ოსეთი? ეს არის ორი ვიწრო ხეობა მთაში, ოდესის ოლქის ტერიტორიის ერთი მეხუთედი. სტრატეგიულად ეს ტერიტორია არც ისე მნიშვნელოვანია.

და როცა პუტინი შემოვიდა ასი ათასიანი არმიით და დაძრა 800 თვითმფრინავი, მისი მიზანი ამ ორი ხეობის მიტაცება არ იყო. მას საქართველოში ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის მიტაცება სურდა. მაგრამ ზუსტად ისევე, როგორც უკრაინაში, მან მთავარი თავისი ამოცანა ვერ შეასრულა – დერეფანი ვერ გაჭრა ყირიმისკენ, რადგან მთლიანად დონბასი ვერ აიღო. ასევე, საქართვლოშიც, მათ თავიანთი მთავარი სტრატეგიული ამოცანის შესრულება ვერ მოახერხეს.

რატომ ვერ მოახერხეს? პირველ რიგში, გმირული წინააღმდეგობის გამო არამხოლოდ არმიის, საქართველოს ხალხის მხრიდამ. ეს ომი ხუთდღიან ომადაა გამოცხადებული, მაგრამ სინამდვილეში ის მთელი კვირების განმავლობაში გრძელდებოდა. სადღაც, საქართველოს ტერიტორიის ნახევარი იყო ოკუპირებული რუსეთის ჯარის მიერ.

გათვლა იყო იმაზე, რომ ყველაფერი ჩამოიშლება და პარალიზებული იქნება. მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ და გავუძელით: არანაირი წყვეტა არ ყოფილა პოლიციის, საგანგებო სიტუაციათა სამსახურის, სამედიცინო მომსახურების საქმიანობაში. ფუნქციონირებდა სამთავრობო აპარატი, ვალუტაც კი, იოტისოდენად არ გაუფასურებულა. ფინანსურმა სისტემამ 100%-ით გაუძლო ამხელა არმიის შემოსვლას.

როცა რუსეთის არმია შემოვიდა, ჩემთან ამერიკის ელჩი მოვიდა და მითხრა, რომ კონდოლიზა რაისმა ჰკითხა ლავროვს, რა იყო რუსეთის მიზანი ამ ომში და ლავროვმა უპასუხა, რომ მიზანი იყო საქართველოს სრული განადგურება (კონდოლიზა რაისისა და სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის დეტალები აღწერილი აქვს ასევე რონალდ ასმუსს წიგნში: „მცირე ომი, რომელმაც სამყარო შეძრა“. -რედ.).

7 აგვისტოს პირადად მე ვემზადებოდი პეკინის ოლიმპიადაზე გასაფრენად. მაგრამ რახან სროლა იყო, ადგილზე მივედი. როცა მივედი, სროლა შეწყდა და ისევ აეროპორტში წასასვლელად მოვემზადე, მერე ისევ სროლა დაიწყო. ორჯერ ჩავჯექი მანქანაში და ორივეჯერ მომაბრუნეს.

ბოლო თვეების მოვლენების გამო მიჩვეული ვიყავით, რომ სადღაც ყოველთვის არის სროლა. ისევე, როგორც ახლა უკრაინაში, მაშინ ჩვენ თითქმის არ ვრეაგირებდით ამაზე. ამასთან, ხელისუფლების წევრები შვებულებაში იყვნენ. უკვე საღამოს მივიღეთ ცნობები იმის შესახებ, რომ როკის გვირაბიდან რუსეთის რეგულარული არმია შემოდის. სასწრაფოდ იყო გადაწყვეტილება მისაღები, თორემ ისინი ხეობას გამოივლიდნენ და თბილისისკენ გახსნიდნენ გზას.

ჩვენ გავუშვით იქეთ რესურსი, რათა შეგვეჩერებინა ისინი, გაგვეთავისუფლებინა გზა იმისთვის, რათა გამოსულიყო მშვიდობიანი მოსახლეობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ არ შევხებოდით სამშვიდობო ძალებს.

8-9 აგვისტოს, შემოსული პირველი რუსული კოლონები, რომელსაც გენერალი ხრულოვი მეთაურობდა, ჩვენმა კოლონამ შეაჩერა. მაშინ მტრის პირველი კოლონა სწორედ უკრაინული ტექნიკის საშუალებით განადგურდა და ამ ბრძოლაში ხრულოვი მძიმედ დაიჭრა.

მეორე მიზეზი, რის გამოც მაშინ გადავრჩით, უკრაინის დახმარება იყო. უკრაინაში ვამზადებდით სპეციალისტებს, უკრაინამ მოგვცა ჩენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მოწყობილობა, ასევე “Бук” და “Оса”. სწორედ მათი დამსახურება იყო, რომ ჩვენ 12 რუსული ბომბდამშენი ჩამოვაგდეთ, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენი ТУ-22 М3-იც. ეს მანქანა ადრე არავის ჩამოუგდია.

როცა ჩვენ მათი თვითმფრინავების ჩამოგდება დავიწყეთ, მაშინ მათ ფრენები შეაჩერეს, რადგან პილოტებმა უარი თქვეს. მაშინ მათ გადაწყვიტეს, ავიაცია ღამით გამოეგზავნათ. სწორედ ღამით ჩამოვაგდეთ ის ТУ-22 М3-იც.

ერთერთი მიზეზი იმისა, რომ რუსეთი დღეს აღმოსავლეთ უკრაინას არ ბომბავს, საქართველოში მიღებული გაკვეთილებია. მათ იციან, რომ უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მათ თვითმფრინავებს ჩამოაგდებს, თანაც, უკრაინაში საკმარისი საბრძოლო მასალების კომპლექტია ამისთვის, საქართველოსგან განსხვავებით.

იმ დროისთვის, როცა მათ უარი თქვეს ფრენაზე, ჩვენ უკვე გვიმთავრდებოდა ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები. მას ჩვენ იუშჩენკო გვაწვდიდა, მაგრამ უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა, რომელმაც ეს შეთანხმება დაბლოკა. ამან ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთს და ისევ აიჭრა ცაში. როცა გაიგეს, რომ რაკეტები აღარ გვქონდა, შტურვალთან პირველად დასხდნენ მეთაურები. მაგრამ ჩვენ ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი პირველი რამდენიმე დღე მოვიგეთ, უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების წყალობით.

ჯერ კიდევ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირველ ეპიზოდში – აფხაზეთში, საქართველოს მხარეს უამრავი უკრაინელი იბრძოდა. იქ იყვნენ „უნა-უნსოს“ შენაერთები, მაგალითად, გიორგი ღონღაძე იყო დაჭრილი აფხაზეთში. იყო ეპიზოდი, როცა რუსეთის სპეცრაზმმა ქართულ-უკრაინულ ჯგუფს ალყა შემოარტყა და რუსები დანებებას სთავაზობდნენ, ხოლო უკრაინელებმა რუსულად დაუყვირეს: “Не рассчитывайте, кацапы, грузины не сдаются”.

ეს ისაა, რაშიც ჩვენ უკრაინა დაგვეხმარა შეიარაღების გარდა. თავდაპირველად იყო ლეონიდ კუჩმა, რომელმაც შეიარაღების პირველი პარტია მოგვცა. სწორედ მისი მეშვეობით მოვახერხეთ 2004 წელს აჭარის სეპარატისტული ლიდერის, ასლან აბაშიძის დარწმუნება, რომ რეგიონი დაეტოვებინა. უკრაინული იარაღი ზეგავლენის მძლავრი საშუალება იყო. შემდეგ კი უკვე იყო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იარაღის მიწოდება, უკვე 2006 წელს.

რუსული СУ-24-ები მაშინ შემოფრინდნენ, რათა უკრაინული “Бук”-ები ამოეღოთ მიზანში. ჩვენმა სპეციალისტებმა, რომლებმაც მომზადება უკრაინაში გაიარეს, როგორც კი შეიტყვეს მათი მიმართულებით დაძრული თვითმფრინავების შესახებ, კომპლექსები მაშინვე გათიშეს. რუსებმა ვერ შეძლეს მათი კოორდინატების გაგება და რაკეტები სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტა, ამით მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა.

მე წავიკითხე გენერალ ბრიდლავის სტატია (გენერალი ფილიპ ბრიდლავი – ევროპაში ნატოს ძალების ექსმეთაური, – რედ.), სადაც ის წერდა, რომ სიჩქარე, რითაც რუსები საქართველოში შეიჭრნენ, აჩვენებს, რომ აგრესია იყო დაგეგმილი და მომზადებული, მათი ჯარი მარშისთვის იყო მზად და რომ ეს არ იყო რეაქცია…“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს