რუსეთის საგარეო უწყება – საქართველოს პარტნიორები ნატო-ში არ მალავენ, რომ აიარაღებენ მას რუსეთის შესაკავებლად, ასეთ სიტუაციაში რუსულ მხარეს უფლება აქვს, მიიღოს ადეკვატური ზომები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე დეტალურად იყო განხილული ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკული საკითხები.

„კმაყოფილებით აღინიშნა, რომ აუცილებელი რუსულ-შვეიცარიული დოკუმენტების ხელმოწერას, რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმება პრაქტიკულ სტადიაში გადაჰყავს. გრიგორი კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო თავის ვალდებულებებს კეთილსინდისიერად და არაპოლიტიზებულად შეასრულებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ვაჭრობისთვის ადეკვატური საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოების შექმნას. შედგა აზრთა გაცვლა-გამოცვლა შეთანხმების განხორციელების კონტროლისთვის შვეიცარიის მონაწილეობით სამმხრივი ერთობლივი კომიტეტის შექმნის გეგმასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს მოსკოვში ქართულ დიპლომატიურ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, რა დროსაც საქართველომ თბილისში რუსულ საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემების ანალოგიური დარეგულირების მზადყოფნა გამოთქვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2018 წლის პირველ კვარტალში პოზიტიურად აფასებს რუსულ-ქართულ ეკონომიკურ თანამშრომლობას. უწყების მონაცემებით, ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და 337 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე დროს, ვითარდება სატრანსპორტო თანამშრომლობა. საავტომობილო გადაზიდვების მოცულობა 2018 წლის პირველ კვარტალში 1,5 ჯერ გაიზარდა, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვების – სამჯერ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავიარეისები სრულდება რუსეთის რვა და საქართველოს სამ ქალაქს შორის.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, პრაღაში გამართული შეხვედრის დროს, გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვეს ჟენევის დისკუსიების, როგორც დიალოგის ფორმატის მნიშვნელობას რეგიონული ყოველდღიური პრობლემების გადასაწყვეტად.

ამავე დროს, გრიგორი კარასინმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოსა და ნატო-ს შორის მზარდი თანამშრომლობის გამო.

„რეგიონსგარე ძალების მიერ სამხრეთ კავკასიის „სამხედრო ათვისება“ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს რუსეთისთვის. საქართველოს პარტნიორები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არ მალავენ, რომ აიარაღებენ მას სწორედ „რუსეთის შესაკავებლად“. ასეთ სიტუაციაში რუსულ მხარეს უფლება აქვს, მიიღოს ადეკვატური ზომები თავისი და თავისი მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მორიგ შეხვედრას 2018 წლის შემოდგომაზე გამართავენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი – საქართველო აშშ-სთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაცია აბაშიძე- კარასინს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს