რუსეთის საგარეო უწყება-ნორმალურ თანამშრომლობას ხელს უშლის საქართველოში მოქმედი კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“

„თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის გაძლიერება და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების მტრული რიტორიკის გახშირება სულ უფრო ეწინააღმდეგება სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების გამყარების ტენდენციას და შესაძლებელია, ორივე ერისთვის ობიექტურად სასარგებლო პროცესი გაწყვიტოს“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ტრადიციულად, შეხვედრაზე ქართულ-რუსული კავშირების განვითარების ისეთ საკითხებზე იყო საუბარი, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც არის შესაძლებელი – ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული კავშირები.

„ამ სფეროებში შედეგები სანიმუშოა. მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობა 10%-ით გაიზარდა და 302 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გაორმაგდა ქართული ღვინის შემოტანა, ნარჩუნდება სოფლის მეურნეობის იმპორტის ზრდისა და რუსული კაპიტალდაბანდებების შედინების ტენდენცია.

იზრდება რუსი ტურისტების რაოდენობა, რომლებიც სტუმრობენ საქართველოს. სამწუხაროდ, ამ სფეროში ნორმალურ თანამშრომლობას ხელს უშლის საქართველოში მოქმედი კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

ორმხრივი ვაჭრობის ზრდამ საავტომობილო გადაზიდვების მოცულობა გაზარდა, რაც აქტუალურს ხდის საქართველოს სამხედრო გზაზე უწყვეტი შეტყობინებების გამართვას. ამასთან დაკავშირებით, მხარეები შეთანხმდნენ, უახლოეს პერიოდში შეიმუშაონ პრაქტიკული გეგმები „ზემო ლარსის – ყაზბეგის“ გამშვები პუნქტის მოდერნიზაციის საკითხის შესახებ, დაინტერესებული უწყებების ექსპერტების მონაწილეობით“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება 2011 წლის შეთანხმების ძალაში შესვლა, ვაჭრობის მონიტორინგისა და საბაჟო ადმინისტრირების შესახებ, რისთვისაც ორივე მხარე მზადაა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე აღინიშნა რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო კავშირის განვითარების შესახებაც.

„მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობისა და ორმხრივი კავშირების ნორმალიზება. ამასთან ერთად, რუსულმა მხარემ კვლავ გაუსვა ხაზი, რომ თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის გაძლიერება და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების მტრული რიტორიკის გახშირება სულ უფრო ეწინააღმდეგება სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების გამყარების ტენდენციას და შესაძლებელია, ორივე ერისთვის ობიექტურად სასარგებლო პროცესი გაწყვიტოს“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 7 ივლისს პრაღაში შედგა. მორიგი შეხვედრა კი, მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდი-თბილისის ღამის მატარებელი #601 დედაქალაქში თითქმის 3 საათ-ნახევრიანი დაგვიანებით ჩამოვა
შემდეგი სტატიათურქეთში სამართლიანობის მოთხოვნით დაწყებული მსვლელობა სტანბოლშია