რუსეთის საგარეო უწყება – ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტს მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა შენობაში შესვლას შეძლებენ და წვდომა ექნებათ ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე

საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადებები, რუსეთიდან წამოსული დეზინფორმაციის შესახებ, პროვოკაციულია და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება იმ სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობიდან, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში ხორციელდება, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, „მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებებისა, რომ თავად აკონტროლებენ და აფინანსებენ ლაბორატორიის საქმიანობას, მასში მიმდინარე კვლევები აშშ-სთან და მის პარტნიორებთან არის აფილირებული, რაც კითხვებს ბადებს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიესალმება საქართველოს მხრიდან ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების მიღებისთვის მზადყოფნას, თუმცა განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთ ვიზიტს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა, მათ შორის ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებულ შენობაში შესვლას შეძლებენ და ამასთანავე, ექნებათ წვდომა ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე.

„ვთვლით, რომ ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე (ჩვენ მზად ვართ გამონაკლისი დავუშვათ ცენტრის მიერ აკრედიტებული პენტაგონის წარმომადგენლებისთის), ასევე საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე. ასევე ველოდებით ოფიციალურ რეაგირებას ქართული მხარისგან 2019 წლის ივნისში გაგზავნილ ნოტაზე შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ გაავრცელა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხისმგებელი წევრი, მზად არის მომავალში და მზად იყო წინა წლებშიც მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად. ამის შესაძლებლობა იყო 2018 წელს, თუმცა საკითხის განმეორებითი ინიცირების შემთხვევაში, საქართველო მზადაა, განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები კონვენციის წევრ ქვეყნებთან ერთად“.

banner
წინა სტატიაშიჯარიმების ჩამოწერა ალბათ მიუღებელი უნდა იყოს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 3ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 16 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა