რუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის სენატორის, გრიგორი კარასინის ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„21 მაისს 2012 წლიდან მოქმედი რუსულ-ქართული არაფორმალური დიალოგის მექანიზმის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის სენატორმა გრიგორი კარასინმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტროების წარმომადგენლებმა“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებების დროს პოზიტიურად აღინიშნა არახელსაყრელი პოლიტიკური კონიუნქტურის მიუხედავად, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში მიღწეული შედეგები. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, რუსეთი საქართველოსთვის, თურქეთის შემდეგ, სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორად რჩება. აღნიშნულია, რომ რუსეთი ქართული ღვინის უმსხვილესი მომხმარებელია, ქართული ღვინის ექსპორტი რუსულ ბაზარზე 2021 წლის პირველ ოთხ თვეში 28%-ით გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„ასეთი დადებითი დინამიკა კონტრასტულია რუსეთის მიმართ ზოგიერთი ქართველი წარმომადგენლის ღიად არამეგობრულ განცხადებებთან და ნაბიჯებთან, მათ შორის საერთაშორისო მოედნებზე, რაც ხელს უშლის პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებას, ურთიერთობების ნორმალიზების ობიექტურად მომგებიან პროცესს. რუსეთის მხრიდან აღნიშნა საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქეების მიმართ ახალი პროვოკაციების დაუშვებლობის მნიშვნელობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რეგიონული პრობლემების განხილვისას, ყურადღება მიექცა შესაძლებლობებს, რომლებიც იხსნება სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვის კუთხით აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერების ერთობლივი განცხადებების კონტექსტში.

რუსული მხარის განცხადებით, შეხვედრისას მიაღწიეს ურთიერთგაგებას რუსეთსა და საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის შესახებ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების პრაქტიკულ რეალიზაციას.

მხარეები მიესალმნენ 2021 წლის 28 იანვარს ზემო ლარსი-ყაზბეგის საავტომობილო გამშვები პუნქტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის საკითხთან დაკავშირებით გამართული სამუშაო თათბირის შედეგებს. რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლები შეთანხმდნენ მომდევნო ნაბიჯების კოორდინაციაზე საქართველოს სამხედრო გზაზე სატრანსპორტო მიმოსვლის გასაუმჯობესებლად.

უწყების განცხადებით, შეხვედრისას დადასტურდა ორმხრივი ინტერესი მოსკოვში ქართულ დიპლომატიურ უძრავ ქონებასა და თბილისში რუსულ დიპლომატიურ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე დარეგულირებისადმი ორმხრივი ინტერესი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში პირისპირ შედგება, თუ ამის საშუალებას მათ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარება მისცემს.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე: როცა პირბადეს არ ატარებ, გარკვეულწილად გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას იღებ
შემდეგი სტატიადრეზდენში ტურისტებზე დანით თავდამსხმელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს