რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში უსაფრთხოების რისკების შესახებ. უწყების ცნობით, 2 თებერვალს, „აფხაზეთის მოქალაქე ე.გ. აბუხბა, რომელმაც 2019 წელს მძიმე დანაშაული ჩაიდინა რუსი ტურისტის მიმართ, დე-ფაქტო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს სასჯელის შემსუბუქების შედეგად“.
სამინისტრომ ეს საქმე რეზონანსულად მიიჩნია და განაცხადა, რომ ის მოწმობს „აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებას რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელის მიმართ“.
„ცხადია, ეს ქმნის რისკებს აფხაზეთის კურორტებზე ყოველწლიურად ჩამოსული დიდი რაოდენობის უცხოელი სტუმრების უსაფრთხოებისთვის, რის შესახებაც ჩვენ იძულებულნი ვართ გავაფრთხილოთ ჩვენი თანამემამულეები“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საუბარია რუსი ქალის გაუპატიურებასა და ძარცვაზე. დანაშაული ჩადენილ იქნა 2019 წლის 31 ივლისს.
2021 წელს აფხაზეთში მცხოვრებ ედგარ აბუხბას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ განმარტა, რომ არასრულლოვანი რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, არ შეიძლება მიესაჯოს 10 წელზე მეტი. დრეს კი, როგორც ირკვევა, აბუხბა თავისუფალია.
2021 წლის იანვარში რუსეთის ე.წ ელჩმა სოხუმში ალექსეი დვინიანინმა სასამართლო პროცესის გაჭიანურებაზე ისაუბრა. მან მოსამართლის ქმედებებს „სასამართლო თვითნებობა“ უწოდა. აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსი ჯემალ გოგია, რომელიც დვინიანინის განცხადებას Echo of the Caucasus-თან ინტერვიუში გამოეხმაურა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
საქმის მასალების მიხედვით, აბუხბამ „განზრახ, მუშტებით და ქვებით თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მრავალი დარტყმით, განსაკუთრებული სისასტიკით გააუპატიურა“ რუსი ქალი, რის შემდეგაც მან „მსხვერპლს დაარტყა ქვა საფეთქელის არეში, გასტაცა ორი ტელეფონი და ტელეფონის აქსესუარები, თანხა და ძვირფასეულობა დაახლოებით 70,100 რუბლის ღირებულების და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა“.