რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, აშშ-ს საპარლამენტო არჩევნების გზით საქართველოში მთავრობის შეცვლა სურს.
მათივე ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის მასშტაბური საინფორმაციო კამპანია აქვს შემუშავებული.
“რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის პრესბიურო იტყობინება, რომ СВР-ში შემოსული მონაცემები მოწმობს ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე, მიაღწიონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შემუშავებულია მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის”, – წერია განცხადებაში.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო, ტასსი წერს, რომ საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, აშშ-ის წაქეზებით, შესაძლოა ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს, რასაც საბოლოოდ მორიგი ფერადი რევოლუცია მოჰყვება.
“ანტისამთავრობო განწყობის გამწვავებაში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს საქართველოს პრეზიდენტმა, ს.ზურაბიშვილმა. როგორც “ვაშინგტონელმა რეჟისორებმა” ჩაიფიქრეს, სახელმწიფოს მეთაური ინტერვიუს მისცემს ერთ-ერთ ამერიკულ მედიას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას დაადანაშაულებს თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესის დეგრადაციაში”, – ვკითუხლობთ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვა არსებულ გეგმას ჰოლივუდის სცენარს ადარებს.
“ცნობილი გახდა ჰოლივუდის საუკეთესო ტრადიციებით შეთხზული სცენარის მთავარი სიუჟეტური ხაზები. თეთრი სახლის თანდაყოლილი ანტირუსული ენთუზიაზმით, დაგეგმილია პროპაგანდისტული კამპანია სენსაციური გამოაშკარავებებით”, – წერია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვა ირწმუნება, რომ ამერიკელებმა ქართულ ოპოზიციას საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაავალეს. ამასთან ამტკიცებენ, რომ დემონსტრანტთა შორის მსხვერპლის ხელოვნური შექმნა განიხილება.