6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

რუსეთის ორმა ნავთობტერმინალმა უკრაინული დრონების შეტევების გამო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა შეწყვიტა

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთის ორმა უდიდესმა ნავთობტერმინალმა, უსტ-ლუგისა და პრიმორსკის პორტებმა, უკრაინული დრონების მასშტაბური შეტევების გამო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა შეწყვიტეს.

სააგენტოს ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების შეტევებმა პორტებში, რომლებიც ფინეთის ყურის ჩრდილოეთ და სამხრეთ სანაპიროებზე მდებარეობს, ძლიერი ხანძარი გამოიწვია, რომლის კვამლიც ფინეთიდანაც კი ჩანს. ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰეიკი აუტომ, „როიტერთან“ საუბრისას განაცხადა, რომ 24 მარტს, ჰელსინკის აეროპორტში დაშვებისას, პრიმორსკის პორტთან შავი კვამლის უზარმაზარი სვეტი დაინახა.

„დრამატულია, რომ საბრძოლო მოქმედებები ასე ახლოს მიმდინარეობს, თუმცა ფინეთში უსაფრთხოების მდგომარეობა არ შეცვლილა“, – განაცხადა ფინელმა დეპუტატმა.

ცნობისთვის, პრიმორსკიდან ჰელსინკამდე მანძილი 200 კილომეტრზე მეტია.

რაც შეეხება უსტ-ლუგის პორტში ხანძარს, ამის შესახებ ინფორმაცია ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა გაავრცელა, თუმცა მეორე პორტზე შეტევა არ უხსენებია. მოგვიანებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უსტ-ლუგაზე დარტყმა წარმატებული იყო. ასევე, უკრაინულ სპეცსამსახურებში განაცხადეს, რომ იერიში მიიტანეს რუსულ ყინულმჭრელზე, რომელიც ვიბორგის ქარხანაში იყო, პრიმორსკის პორტიდან 50 კილომეტრში.

„როიტერის“ წყაროების მიხედვით, 2025 წელს უსტ-ლუგის პორტიდან 32.9 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი გავიდა ექსპორტზე, ხოლო პრიმორსკიდან – 16.8 მილიონი ტონა. „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ბალტიის ზღვის პორტებზე დრონებით განხორციელებული შეტევა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე ომში რუსეთის ნავთობის ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე მიტანილ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დარტყმად ითვლება.

banner
წინა სტატიაშიReuters-ის ინფორმაციით, ირანი კვლავ განიხილავს აშშ-ს წინადადებას ომის დასრულების შესახებ
შემდეგი სტატიაღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი სამეწარმეო ვენახებისთვის ნებართვის შემოღების საკითხში რისკებს ხედავს