რუსეთის მხარეს შევახსენებთ, რომ არ არსებობს არანაირი პარალელური რეალობა – საგარეო მოსკოვს პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის დიპლომატიური უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს და ოკუპანტ ქვეყანას ახსენებს, რომ არ არსებობს არანაირი პარალელური რეალობა და საერთაშორისო თანამეგობრობა და სამართალი რუსეთის აგრესიული ქმედებების, ოკუპაციიისა და დე-ფაქტო ანექსიის პროცესისი პირისპირ ერთიანია.

უწყების შეფასებით, აგვისტოს ომიდან მე-13 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის საგარეო შეეცადა მორიგი დეზინფორმაციისა და პორპაგანდისტული ნარატვის შეთავაზებას აგვისტოს ომის შესახებ.

“რუსეთის მხარეს შევახსენებთ, რომ არ არსებობს არანაირი პარალელური რეალობა, საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო სამართალი ერთიანია რუსეთის აგრესიული ქმედებების, ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პროცესის პირისპირ. წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი სახელი დაარქვა 2008 წლის აგვისტოს ომს და დაადგინა სამართლებრივი ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ძალა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფო, პასუხისმგებელია უშუალოდ ომის დროს და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ეთნიკური წმენდის განხორციელებაში და ხაზი გაუსვა მოსკოვის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მიერ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას.

ამ ფონზე, ცინიკური და სრულიად მიუღებელია სოციალურ მედიაში რუსეთის საგარეო უწყების მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კომენტარი, რადგან რუსეთმა, სწორედ ამ შეთანხმების დარღვევით დაიწყო საქართველოს ტერიტორიების ანექსია, სამხრეთ კავკასიაში მიწების მიტაცება და სამწუხაროა რომ საუკუნეების შემდეგაც რუსეთის მიზნად სხვისი ტერიტორიების ანექსია რჩება.

თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე დგას, დღეს არავინ შეეგუება რუსეთის მიერ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის მორყევასა და ევროპაში სუვერენული სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მცდელობას ისევე, როგორც ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას მოსკოვის მიერ.

თუკი რაიმე ეწინააღმდეგება საქართველოსა და რუსეთს შორის თანასწორ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ესაა თავად რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, მის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის შელახვა. შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი გადის სწორედ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში პატივისცემაზე”, – წერია საგარეოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გარდაიცვალა 30 პაციენტი
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია სამეგრელოს რეგიონს ეწვია