,,რუსეთის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ზეწოლაზე”

საბოლოო ჯამში, სამართალმა გარკვეულწილად იზეიმა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მეორე გამოწვევა ის არის, რომ რუსეთმა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ძალიან კარგია, რომ ამდენი წლის მერე, საქმე 2007 წელს დაიწყო, საბოლოო ჯამში, სამართალმა გარკვეულწილად იზეიმა. ეს მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი პერიოდი, საქართველოს ხელისუფლება პასიურობდა, მაგრამ ჯამში, სასამართლო აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. ეს კარგი გადაწყვეტილებაა. ახლა მეორე გამოწვევა არის, რომ შევასრულებინოთ ერთი მხრივ აღნიშნული გადაწყვეტილება, რომ თანხა გადაიხადოს. მეორეს მხრივ კი, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა საქმეები, რომელიც დაგვრჩა სტრასბურგში, მათ შორის სახელმწიფოთაშორისო დავები, დავები, რომელიც ეხება ომს, დავა, რომელიც ოთხოზორია-ტატუნაშვილს ეხება, ბოლომდე იყოს მიყვანილი და იქაც სწორედ ისე იზეიმოს სამართალმა, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე ურჩი აღმსრულებელია, თუმცა მის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დამოკიდებული იქნება პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ზეწოლაზე, ასევე ქართული მხარის აქტიურობაზე.

„ზოგადად, რუსეთი არ არის ცნობილი ამ გადაწყვეტილებების შესრულებით. ის არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ურჩი აღმსრულებელი, თუმცა მას შეუსრულებია გადაწყვეტილებები და ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ზეწოლაზე, რომელიც მასზე პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უნდა განხორციელდეს, იმაზე თუ როგორ იქნება გამოყენებული ევროსაბჭო, როგორც მონიტორინგის ინსტრუმენტი, ზოგადად რამდენად აქტიური იქნება ქართული მხარე. თავისით ამას რუსეთი, რა თქმა უნდა, არ შეასრულებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიდადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარის მიზეზი ბუნებრივი აირის ნამწვის გაჟონვა გახდა
შემდეგი სტატიათბილისში, პეკინის გამზირზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირი აფეთქდა