რუსული დამოუკიდებელი მედიის ინფორმაციით, რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციის ხსენების გამო, “დოჟდის” ჟურნალისტს, რუსეთში დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
კერძოდ, მოსკოვის ტაგანის საოლქო სასამართლომ “დოჟდის” ჟურნალისტს, ვალერია კიჩიგინას დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა “ომის ფეიკების” გავრცელებისთვის.
აღინიშნება, რომ რუსეთში ეს პირველი ცნობილი საქმეა, როდესაც ბრალდება ეფუძნება არა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კრიტიკას, არამედ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას.
ცნობისთვის, კიჩიგინამ სოციალურ ქსელ Instagram-ში ე.წ. სთორიზე 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომზე დაწერა:
“დღეს საქართველოში ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავია. შვიდიდან რვა აგვისტომდე ღამეს რუსეთის სამხედროები შეიჭრნენ ქვეყანაში და მშვიდობიან ქალაქებს ბომბავდნენ. უკვე 15 წელია საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული”.
თავად კიჩიგინას თქმით, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის შესახებ პოსტი უბრალოდ საბაბი იყო და მას რეალურად ე.წ. “ბაიმაკსკის საქმის” გაშუქებისთვის დევნიან.















